კოქსიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კოქსიტი (<ლათ. coxaთეძო) — მენჯ-ბარძაყის სახსრის ანთება. განარჩევენ ტუბერკულოზურ და არატუბერკულოზურ კოქსიტებს. ტუბერკულოზური კოქსიტი ჩვეულებრივ უვითარდებათ 5-10 წლის ბავშვებს პირველადი კერიდან (უფრო ფილტვებიდან) ტუბერკულოზის გამომწვევის მოხვედრის შედეგად. კოქსიტის გაჩენას ხელს უწყობს ტრავმა. დაავადება იწყება თანდათანობით, ტუბერკულოზური ინტოქსიკაციისათვის დამახასიათებელი მოვლენებით. შემდეგ ავადმყოფი იწყებს კოჭლობას, აწუხებს მუხლის სახსრის ტკივილი, რაც ნელ-ნელა მენჯ-ბარძაყის სახსარში გადაინაცვლებს, მოძრაობა იზღუდება, ჩნდება კუნთების კონტრაქტურები, ქვემო კიდური მოიზიდება და შიგნით შეტრიალდება, მისი კუნთები თანდათან განილევა. ძვლების სასახსრე ბოლოების რღვევის შედეგად, კიდური მოკლდება. დაავადებულ ადგილზე მენჯი ზევით იწევს და წინისაკენ იხრება, ხერხემალი მრუდდება (სქოლიოზი), წელის მიდამოში წინ გამოიდრიკება (ლორდოზი), სახსრის ჩანთა ივსება ჩირქით, რომელიც კუნთთაშორისი ნაპრალებით ქვემოთ ჩამოედინება და თეძოზე, უფრო იშვიათად დუნდულების მიდამოში, ვითარდება ნაწვეთი (ცივი) აბსცესი. თეძოს, ბარძაყის თავისა და ტაბუხის ბუდის ვრჩელი დაზიანების დროს ხშირია პათოლ. ღრძობა.

მკურნალობა — ზოგადგამაჯანსაღებელი ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებანი, ერთოპედიული საწინააღმდეგო საშუალებები, ორთოპედიული ღონისძიებები (თაბაშირის ნახვევი, დაჭიმვა, ტუტორის ტარება და სხვა). უშედეგო კონსერვატული მკურნალობის დროს, სახსრის უძრაობისათვის და მდებარეობის გასაუმჯობესებლად — ქირურგიული ოპერაცის (ართროდეზი, ოსტეოტომია, ზოგჯერ — ართროპლასტიკა), კორორტული მკურნალობა (ევპატორია, გელენჯიკი, ანაპა და სხვა).

არატუბერკულოზური — კოქსიტი ვითარდება, როდესაც ინფექცია მიმდებარე ქსოვილებიდან სახსარზე გადადის, აგრეთვე სახსრის დაზიანებისა და ზოგადი ინფექციური დაავადებების დროს. იწყება და მიმდინარეობს მწვავედ, მაღალი სიცხით და ძლიერი ტკივილით.

მკურნალობა: სიმშვიდე (თაბაშირის ნახვევი,დაჭიმვა), ანტიბიოტიკები, შემდეგ — ოპერაცია, სახსრის გაკვეთა ან ნაწილობრივი ამოკვეთა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]