კეტრისის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კეტრისის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, დგას თერგის მარცხენა ნაპიზე. ძველ კეტრისში. აგებულია XVII-XVIII საუკუნეებში, კოშკი გეგმით კადრატულია (5,6x5,7 მ) ექვსსართულიანი (სიმაღლე 13 მეტრი), ზემოთკენ ვიწროვდება. ნაგებია ფიქლის დიდი ქვებით. აქა-იქ გამოყენებულია ტუფის კვადრატებიც. კოშკის სართულშუა ხის გადახურვები ჩაქცეულია,

პირველი სართული ყრუკედლებიანია. კოშკში შესასვლელი, სამხრეთიდანაა მეორე სართულზე. კარი გადახურულია ორი მოზრდილი ქვით. წირთხლებში საურდულე ხვრელებია. კარის ქვემოთ გამოშვერილია სამი ფიქლის ქვა, რომლებსაც ხის კიბე ეყრდნობოდა. კარის თავზე მცირე ოთხკუთხა ნიშია. აღმოსავლეთით მდებარე კედელში ორი სათოფურია, სამხრეთით და დასავლეთით კედლებში — თითო-თითო.

მესამე სართულის სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში სამ-სამი სათოფურია, აღმოსავლეთისაში — ერთი. მეოთხე სართულზე, სამხრეთ კედელში, სამი სათოფურია, აღმოსავლეთისაში — ორი, ჩრდილოეთ კედელში — ერთი. მეხუთე სართულის ოთხივე კედლის ღერძზე სალოდეებია მოწყობილი. აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ სალოდეების გვერდებზე ორ-ორი სათოფურია. ერთი სათოფური სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეშია. მეექვსე სართული ბანია, რომლის კედელზე დაწყობილი ფიქლის ფილები გარედან თროსებრ შვერილს ქმნის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]