იუბენალი (იერუსალიმის პატრიარქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იუბენალი (ბერძ. Ιουβενάλιος) (გ. 458) — იერუსალიმის პირველი პატრიარქი (422-458); მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 2 ივლისი, ახალი სტილით — 15 ივლისი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა იუბენალი 422-458 წლებში განაგებდა იერუსალიმის ეკლესიას. იგი ექვთიმე დიდის მეგობარი და თანამოსაგრე იყო. ამ ხანებში მრავალი ერესი აშფოთებდა აღმოსავლეთის ეკლესიურ ცხოვრებას. ღირსი მამაც გაბედულად იბრძოდა მათ წინააღმდეგ. 431 წელს ქალაქ ეფესოში შედგა III მსოფლიო კრება, რომელმაც დაგმო მაცხოვრის ღვთაებრივი ბუნების უარმყოფელი ნესტორის ერესი. კრებას წმინდა კირილე ალექსანდრიელი (ხს. 22 ივნისს) თავმჯდომარეობდა. მის თანამოაზრეებს შორის იყო პატრიარქი იუბენალიც; 451 წელს ქალაქ ქალკედონში მოეწყო IV მსოფლიო კრება ევტიქის ახალი, მონოფიზიტური ცრუსწავლების სამხილებლად, რომელიც ამტკიცებდა, რომ განხორციელების შემდეგ ქრისტეს ერთმა — ღვთაებრივმა ბუნებამ მეორე — კაცობრივი — მთლიანად შთანთქა.

წმინდა მამებმა, რომელთა შორის ღირსი იუბენალიც იყო, უარყვეს ევტიქის ერესი და დაამტკიცეს მართლმადიდებლური სწავლება ქრისტეს ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნების შეურწყმელობისა და განუყოფელობის შესახებ. ერეტიკოსები მაინც განაგრძობდნენ ბობოქრობას. მათ სათავეში ედგა თეოდოსი, რომელიც მოითხოვდა, რომ პატრიარქ იუბენალს საჯაროდ დაეგმო ქალკედონის კრების დადგენილება. წმინდა მწყემსმთავარმა უარი განაცხადა მწვალებელთა თავხედური მოთხოვნის შესრულებაზე. მაშინ უსჯულოებმა ტახტიდან ჩამოაგდეს ნეტარი. წმინდა საყდარი თავად თეოდოსიმ დაიკავა. განდევნილი აღმსარებელი კონსტანტინოპოლში ჩავიდა წმინდა პატრიარქ ანატოლისა (ხს. 16 ივლისს) და იმპერატორ მარკიანესთან. წმინდანის ღრმად პატივისმცემელმა თვითმპყრობელმა მოახერხა ორ თვეში პატრიარქის ღირსებებში აღედგინა იგი. ნეტარი მამა იერუსალიმს დაუბრუნდა.

ღირსმა იუბენალმა დიდი ღვაწლი გასწია ეკლესიაში გაჩენილი განხეთქილების ბზარის გასამთელებლად. ერეტიკოსთა დამარცხებისა და ეკლესიური მთლიანობის აღდგენის შემდეგ 458 წელს წმინდა პატრიარქი მშვიდობით მიიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.