იმერხევის ნათლისმცემლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იმერხევის ნათლისმცემლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერხევში. შედის ძამის (ძაძვის) კომპლექსის შემადგენლობაში.

შენობა დარბაზული ტიპისაა, ნაგებია ნატეხი ქვით, გამოყენებულია ქვიშაქვის თლილი ლოდებიც, კონსტრუქციული ნაწილები და წირთხლები ამოყვანილია კარგად დამუშავებული შირიმის კვადრებით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. ორივე კარი შიგნიდან თაღოვანია, ხოლო გარედან გადახურულია არქიტრავით. სამხრეთ შესასვლელი ძალიან ფართეა, ეკლესია დაბალი და განიერია. ნალისებრი აფსიდი ღრმაა. აფსიდის ღერძზე გაჭრილია დიდი, ინტერიერისაკენ გაფართოებული სარკმელი. საკურთხეველს გეომეტრიული და ფოთლოვანი ორნამენტით შემკული რვაწახნაგსვეტებიანი მოჩუქურთმებული კანკელი ჰქონდა. განვითარებულ შუა საუკუნეებში შეაკეთეს და ახალი დეტალებით შესვეს. დარბაზის გრძივი კედლები ერთსაფეხურიანი პილასტრებით ორ თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი. ინტერიერი შელესილი და მოხატული ყოფილა. სამხრეთ შესასვლელის წირთხლები შემკულია მოყავისფრო საღებავით, შესრულებულია გეომეტრიული ორნამენტით. დასავლეთ კედლის კუთხეებში ერთსაფეხურიანი პილასტრებია შემორჩენილი. ეკლესიას სამი მინაშენი აქვს. ჩრდილო მინაშენი მთლიანად დანგრეულია. დასავლეთის მინაშენი - კარიბჭე - ეკლესიის კედელს მთელ სიგრძეზე მიუყვება. მას ძირითადი ნაგებობის კამარის პერპენდიკულარული კამარა ჰქონდა. მინაშენის კედლებზე მოყვითალო გათლილი ქვიშაქვისაგან გამოყვანილი დეკორატიული თაღებია, რომლებიც მარტივღარებიან კაპიტელებს და კუთხოვან პილასტრებს ეყრდნობა. სამხრეთ კედლის ქვიშაქვის კვადრების წიბოები შეერთების ადგილზე საგანგებოდ არის ამოღარული, რაც დამახასიათებელია ადრე შუა საუკუნეების სამშენებლო ხელოვნებისათვის. სამხრეთ მინაშენი დანგრეულია, ეკლესიის დასავლეთ კედლის გასწვრივ იწყება და შემდეგ მთელ სამხრეთ ფასადს მიუყვება. აქაც წყობის რიგები ხაზგასმულია ღარებით. გვიან შუა საუკუნეებში ამ მინაშენის კედლები ორი ახალი ეგვტერის კედლებად გამოუყენებიათ. ერთი მდებარეობს სამხრეთ და დასავლეთ მინაშენებს შორის არსებულ კუთხეში, მეორე სამხრეთ მინაშენის აღმოსავლეთ ნაწილშია. ორივე მინაშენს ღრმა წრეთარგისა და ლილვისაგან შედგენილი, მთლიანად მუქი ფერის ბაზალტის ქვაში გამოკვეთილი, მონუმენტური ლავგარდანი ჰქონდა. ეკლესიის ჩრდილოეთის დაზიანებულ კედელს გარედან მოგვიანებით კონტრფორსი მიაშენეს. ეკლესიის სამხრეთ კედელთან, მიწაზე დევს ფართე ფილა ასომთავრული წარწერით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17538