თოხლიაურის პირველი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თოხლიაურის ეკლესია.

თოხლიაურის პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიცპალიტეტის სოფელ თოხლიაურში, ძველ სასაფალოზე. არქიტექტურული ნიშნებით თარიღდება XIX საუკუნით. ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემის მიხედვით ირკვევა რომ საბჭოთა პერიოდში ეკლესია სოფლის კლუბად იყო გადაკეთებული, რის შედეგადაც ძეგლმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, ამოაშენეს დასავლეთ შესასვლელი და ჩრდილოეთ კედელში არსებული ორივე სარკმელი, შიგნითა კელდები კი გაჯით შეულესავთ. 2000-იან წლებში სოფელის მოსახლეობა, თვითნებურად დაიწყო ეკლესიის განახლება, რის დროსაც გაათავისუფლეს ამოვსებული ღიობები, თუმცა მალევე მიატოვეს.

ეკლესია დარბაზულია, აღმოსავლეთ კედელი დასრულებულია აფსიდით, რომელიც გარედან ხუთწახნაგოვან აბრისშია ჩაწერილი. ეკლესიის შიგნითა ზომებია: სიგრძე 13,5 მეტრი, სიგანე 5,9 მეტრი, კედლის სისქე 1 მეტრი. საშენ მასალად თითქმის თანაბარი რაოდენობითაა გამოყენებულია რიყის ქვა და კვადრატული აგური. კედლები ძირითადად რიყის ქვისაა, რომელთა წყობაშიც თანაბრად დაშორებული აგურის თარაზული რიგებია ჩართული. კარ-სარკმელის ღიობები და სხვა არქიტექტურული ელემენტები მთლინად აგურისაა, მაგრამ წირთხლების წყობაში რიყის ქვებიცაა გამოყენებული. ქვებს შორის არსებული ცარიელი სივრცეები ბათქაშითაა ამოვსებული.

შესასვლელები სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა ორივეს პარალელური წირთხლები აქვთ და ორივე ბრტყელი თაღითაა გადახურული. ინტერიერი განათებული იყო ხუთი სარკმლით.

ეკლესიას თავდაპირველი გადახურვის კვალი არ ეტყობა. ვარაუდობენ რომ ის ხის კამარით იყო გადახურული.

ეკლესიასთან ახლოს ჩერქეზიშვილთა საფლავის ქვები დგას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]