თეთრაშენის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თეთრაშენის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია — ქართული მართლმადიდებური ეკლესია. იდგა სიონის ტაძრის გვერდით, ჩრდილოეთ მხარეს.

წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის შესახებ დავით ხოშტარია 2008 წლის „საქართველოს სიძველენში“ წერს: „ზემო კალასუბანში, სიონის ტაძრის გვერდით ერთ დროს იდგა ეკლესია, რომლისაგანაც დღემდე არაფერი შემორჩა.“

1673 წელს თბილისში მყოფი შარდენი წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას თეთრაშენს დადედოფლის ეკლესიას უწოდებს. იგი ეკლესიის აღმშენებლად მარიამ დედოფალს, მეფე როსტომის მეუღლეს მოიხსენიებს. ვახუშტის ცნობიდან ვგებულობთ, რომ ეკლესია როსტომ მეფეს შეუკეთებია: „არს ნათლისმცემლის. გუმბათი მოარღვია პთ მეფემან როსტომ, სხჳთგან აახლა ჟდ მეფემან ვახტანგ“. როგორც დ. ხოშტარია განმარტავს დედოფალი მარიამი როსტომ მეფის მეუღლე იყო, ხოლო მისისი კვდილის შემდეგ დედოფალი მარიამი ქართლის მეფის, ვახტანგ V-ის ცოლი გახდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ ორივე მეფის სახელის უკან დედოფალი მარიამი იგულისხმება.

1772 წელს „ნათლისმცემლის საყდარს“ მოიხსენიებს ი. გიულდენშტედტიც. ეს ეკლესია დატანილია თბილისის 1782 წლის გეგმაზე. 1800 წლის კაპიტან ჩიუკოს გეგმაზე წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია აღნიშნულია უკვე როგორც „გაპარტახებული“ ეკლესია.

პლატონ იოსელიანი მოგვითხრობს ამ ეკლესიის ერთი ბერის საინტერესო ისტორიას: “აღა-მაჰმად ხანი ტფილისზე მეორედ ლაშქრობისას შუშაში (1797 წლის თებერვალში) მესამე დღეს... ერთ-ერთი მსახურის მიერ ფულის მოპარვის გამო ერთმანეთს წაეკიდნენ სადიყი, ტომით ქართველი, შახთან ყველაზე დაახლოვებული მონა და მეორე მსახური, ხუდად-ფერატი... ხმაურით შეწუხებულმა შაჰმა ორთავეს დაუყოვნებლივ მოკვლა ბრძანა... შეკის ხანი სადიყ–სალიმმა, შაჰის ბანაკში დაწინაურებულმა დიდებულმა, მათი პატიების თხოვნით მიმართა; მაგრამ ხელმწიფემ უარი უთხრა და მიუგო, რომ რადგან ლოცვისადმი მიძღნილი პარასკევის ღამე დგება, მათ დილით დაასჯევინებს... სიკვდილმისჯილი მსახურები იმ ბოლო ღამეს ჩვეულებრივი მოვალეობების შესასრულებლად მასთან დარჩნენ. სასოწარკვეთილებამ მათ მეტი სითამამე შთაბერა და როდესაც ხელმწიფეს დაეძინა, ისინი საძინებელში შევიდნენ მესამე, მოწვეულ თანამონაწილესთან ერთად და ხანჯლებით მოაკვდინეს იგი. შაჰის მკვლელი ქართველი ტფილისში ჩამოვიდა, მამა-პაპისეული სარწმუნოება მიიღო და თავისი ცხოვრება სიმყუდროვეში ტფილისში, იოანე ნათლისმცემელის მონასტრის მეტოქში 1800 წელს დაასრულა. იგი მცხეთიდან იყო და მას ანდრია ერქვა... 1839 წელს [მეტოქი] საეკლესიო სახლად აქციეს. მასთან არსებული ბაღიც, სახელგანთქმული სავანის ბერთათვის განკუთვნილი სენაკებიცა და ცხოველი წყლი სწყაროც გაქრა... ”.

თეთრაშენს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას შარდენის ჩანახატის მიხედვით აღწერს დ. ხოშტარია„... ეს ოქტაგონალური კოშკის მსგავსი ვიწრო და მაღალი ნაგებობაა. ჰორიზონტალური სარტყელი მას ორ იარუსად ჰყოფს. ყოველ წახნაგში ორსავე იარუსზე თითო სარკმელია. შენობას მაღალი პირამიდული სახურავი ადგას. რა თქმა უნდა, ჟ. შარდენის ნახატს ბოლომდე არ შეიძლება ვენდოთ. მაგრამ ისიც ცხადია, რომ თეთრაშენის უცნაური აგებულება მთლად მისიფანტაზიის ნაყოფი ვერ იქნება... მას მართლა განსხვავებული არქიტექტურული კომპოზიცია ჰქონდა. ჩანს, ეს იყო ცენტრული გეგმის შენობა-გარე ოქტაგონში ჩაწერილი იყო ოთხ ან რვა აფსიდიანი სტრუქტურა, ან მოკლემკლავებიანი „მარტივი ჯვარი“. ეს კომპოზიციები გვხვდება ქართულ საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში უკვე ძალიან ადრეული ხანიდან... სახელწოდება „თეთრაშენი“ და მით უმეტეს, მისი შარდენისეული განმარტება–თეთრი შენობა მიგვანიშნებს, რომ ეკლესია გარედან ან თეთრი ქვით იყო მოპირკეთებული, ან კირის ხსნარით შელესილი. “

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მ. ქუთათელაძე, „თბილისის ტაძრები“, ტ. I, თბ., 2010 გვ. 188-189