თეთრამიწა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თეთრამიწა — მრავალფენიანი გორანამოსახლარი მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე, ქალაქ ქუთაისში, ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ზვის დონიდან 297-298 მეტრზე. სახელი ეწოდა თეთრი კირქვებით აგებული გორის მიხედვით. თეთრამიწას ჩრდილოეთიდან ჩამოუდის მდინარე ოღასკურა.

არქეოლოგიური ნაშთები პირველად შემთხვევით აღმოჩნდა 1924 წელს (პ. ჭაბუკიანი). გათხრები მიმდინარეობდა 1964-1966 წლებში. თეთრამიწაზე ადამიანის არსებობის კვალი ჩანს მუსტიეს ეპოქაში. აღმოცენილია ამ დროის კაჟის იარაღი: სხვადასხვა ტიპის სახოკები, წვეტანები, დისკოსებრი ნუკლეუსები, ფოთლისებრი ფირფიტა-ანატკეცები და სხვა. თეთრამიწაზე აღმოჩენილი სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების ქვის (კაჟი, ობსიდიანი, არგილიტი, ბაზალტი, ქვიშაქვა და ა. შ.) იარაღი ძირითადად ნეოლითის ხანისაა, თუმცა გვხვდება ენეოლით-ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მასალაც. იარაღ-ხელსაწყოთა დიდი ნაწილი (ქვის თოხები, წალკატები, ხელსაფქვავები, მარცვლეულის სასრესები, ნამგლის პირის გასამართი მიკროიარაღები და სხვა) ადრინდელი სამიწათმოქმედო კულტურას განეკუთვნება. მრავალი იარაღი (ცულები, საჭრეთლები, სათლელები და სხვა); გვხვდება შუბისპირები, ისრისპირები და ქვის სამაჯურის ნაწილები. ცოტაა ობსიდიანისა და კერამიკის ნაწარმი. თეთრამიწაზე გადანაყარის აღმოჩენა მოწმობს, რომ ქვის იარაღს ადგილობრივ ამუშავებდნენ.

მასალა დაცულია ქუთაისის აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის სახელობის ინსტიტუტის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში და აკად. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 637-638.
  • ბერძენიშვილი ნ., ქვედაპალეოლითური ნაშთები ქუთაისის მიდამოებიდან, «მასალები საქართველოს კავკასიის არქეოლოგიისათვის», 1975, ტ. 6;
  • ნებიერიძე ლ., დასავლეთ ამიერკავკასიის ნეოლითი, თბ., 1972;
  • „საქართველოს არქეოლოგია“, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 56-57.
  • კილაძე ნ., ახალი ქვის ხანის ძეგლები თეთრამიწიდან, // მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ტ. XXIX, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1951. — გვ. 213-262.