ზემო არტანის მეორე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო არტანის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო არტანში, მდინარეების ივრისა და საყრდისხევის შესართავთან, ნასოფლარ ყვარის ტერიტორიაზე, განეკუთვნება XIII-XIV საუკუნეებს ეკლესია დარბაზულია. ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. გამოყენებულია შირიმიც. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია დარბაზის კამაროვანი გადახურვა და კონქის უმეტესი ნაწილი, მონგრეულია განივი ფასადების ზედა ნაწილები, სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხე. დაზიანებულია საპირე წყობა. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარის სწორკუთხა ღიობი გარედან და შიგნით კედლის თაღოვან შეღრმავებებშია მოქცეული. ეკლესიის თითქმის კვადრატული დარბაზი აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიულია ფართო და მათალი თაღოვანი სარკმელი. სარკმლის ორივე მხარეს, არათანაბარ სიმაღლეზე, სამ-სამი სხვადასხვა ზომის სწორკუთხა ნიშია. სამი სწორკუთხა ნიშია დასავლეთ კედელშიც. მათგან თითო-თითო საკმაოდ ღრმა ნიში კედლის კიდეებშია, ხოლო ერთი შესასვლელის ზემოთ. გრძივი კედლები ორ-ორი ვიწრო და მაღალი ორსაფეზურიანი ყრუ თაღითაა დანაწევრებული. თაღები ეყრდნობა ორსაფეხურიან პილასტრებს, რომელთა აღმოსავლეთ წყვილი აფსიდის კიდეებს გრძივი კედლებისგან გამოყოფს. ფასადები სადაა. აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის გვერდებს, თითო სადა ლილვი აუყვება, ხოლო ზღვარზე პატარა რელიეფური ჯვარია გამოსახული. კედლები დასრულებული ყოფილა შირიმის ლავგარდნით, რომლის პროფილია შეწყვილებული ორი ვიწრო ლილვი და ოდნავ დახრილი სადა სიბრტყე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]