ვერტყვილის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვერტყვილის ეკლესია

ვერტყვილის წმინდა გიორგის ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საქართველოში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვილის სასაფლაოზე.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვერტყვილის ეკლესია ხარაგაულის რაიონის ჩვენამდე მოღწეულ იშვიათ ეკლესიათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც შეინარჩუნა თავდაპირველი არქიტექტურულ-მხატვრული სახე, მიუხედავად იმისა, რომ ბერძენ ოსტატთა მოღვაწეობის კვალი, ისევე როგორც არაერთ ეკლესიას ამ მხარეში, მასაც აშკარად ემჩნევა. ნაგებობა ძველი ქართული საეკლესიო არქიტექტურის განვითარების გარკვეული ეტაპის ნიმუშია. ამავე დროს, იგი ავლენს თავისებურებებს, ომლებსაც ადგილი ჰქონდა ქვეყნის ცალკეულ იტოტიულ პროვინციებში. ეს ჩანს მასალის შერჩევასა და დამუშავებაში, ცალკეული არქიტექტურული დეტალების (მაგალითად, სარკმლის მორთულობა) გადაწყვეტაში და სხვა. ეკლესია დგას სოფლის ზევით, "მეჩხეთურას" ღელის მარცხენა ნაპირზე. იგი დარბაზული ტიპისაა. სამშენებლო მასალად გამოყოფილია შირიმის თლილი კვადრები და უხეშად დამუშავებული სხვადასხვა ზომის ქვები. აღმოსავლეთი და დასავლეთი ფასადი თითქმის მთლიანად ლილი ქვითაა მოპირკეთებული. სამხრეთი ფასადი და ჩრდილოეთი ფასადის ზედა ნაწილი შელესილია ცემენტის ხსნარით. ინტერიერში კამარა, კონქი და კოსტრუქციული ნაწილებია კარგად გათლილი ქვით ნაწყობი. ვერტყვილის ეკლესია დარბაზული ტიპისაა. მისი გეგმა სწორკუთხედს წარმოადგენს. შიდა სივრცე აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით. კონქის ნახევარწრიული თაღი ეყრდნობა თაროთი დასრულებული წრეთარგის მქონე კაპიტელებს. ასეთივე პროფილის კონსოლებზეა გადაყვანილი დასავლეთ კედლის და კამარის საბჯენი თაღები. ეკლესია განათებულია ორი დახრილწირთხლებიანი თაღოვანი სარკმლით, რომლებიც გაჭრილია საკურთხეველსა და დასავლეთ კედელზე. წრიული მოხაზულობის ერთი სარკმელი სამხრეთ კედელზეა განთავსებული. შესასვლელები შენობას სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. გარედან ორივე ღიობი მომართულია პორტალებით, რომლებიც ბერძენი ოსტატების მიერ უნდა იყოს შესრულებული. შიგნიდან ისინი უბრალოდ თაღოვან ღიობებს წარმოადგენს. სარკმელთა გაფორმებაზე მსჯელობა ძნელია მათი დაზიანების გამო. აღმოსავლეთ ფასადზე არსებულ სარკმელს შერჩენილი აქვს სუსტად გამოხატული ლილვი ღიობის ქვედა ნაწილში. ამავე ფასადზე ფრონტონის არეში შეინიშნება ტონდოში ჩასხმული, ბოლოებგაფართოებული ჯვრის თითქმის გადარეცხილი რელიეფური გამოსახულება. ეკლესიის კარნიზი მხოლოდ აღმოსავლეთ ფასადზეა შენარჩუნებული. მისი პროფილია თაროთი დასრულებული წრეთარგი. ეკლესიას აქვს, თუნუქით დაბურული ორფერდა სახურავი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16175