ერწოს ველის არქეოლოგიური ძეგლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ერწოს ველის არქეოლოგიური ძეგლები — ერწოს ველზე (თიანეთის რაიონი) აღმოჩენილი სხვადასხვა დროის ნამოსახლარები და სამაროვნები, ეკლესიის, საკულტო და სამეურნეო ნაგებობათა ნანგრევები.

აღრიცხულია 200-მდე არქეოლოგიური ძეგლი. მათ შორის ჯერჯერობით ყველაზე ადრინდელია სოფ. თრანის "რკინის კალო" (ითხრებოდა 1963-1965 და 1969). იგი მდებარეობს მდ. თრანულის მარჯვენა ნაპირზე და წარმოადგენს 1 მ სისქის ქვაყრილს, რომელიც ძვ. წ. IX-VIII საუკუნეებში ორმოსამარხების თავზეა წარმოქმნილი. ქვაყრილში ჩაშვებულია ძვ. წ. VII-VI საუკუნეების სამარხები. მათში დაკრძალვის წესი კარგად არაა გარკვეული. არქაულ ორმოსამარხებში კი (სიღრმე - 1,2-1,5 მ) მიცვალებულები ესვენა გვერდზე, კიდურებმოხრილი, თავით უმეტესად სამხრეთისაკენ. სამარხებში აღმოჩნდა ბრინჯაოსა და რკინის იარაღი, ბრინჯაოს სამკაული და მცირე ზომის ქანდაკებები, აგრეთვე ძვლის ისრიპისპირები სარდიონის მძივები და მრავალნაირი ფორმის თიხის ლეგა ჭურჭელი.

გვაინდელ ანტიკურ ხანაში ერწოს ველი მჭიდროდ ყოფილა დასახლებული. ამ დროის ძეგლებს შორის შესწავლილია სოფ. მაგრანეთის ქუშანაანთ გორის ნამოსახლარი და სამაროვანი. აქ რიგითი ორმოსამარხების გვერდით აღმოჩნდა არმაზისხევის ტიპის მდიდრული სამარხების ჯგუფი, რომელთაგან გამოირჩევა № 1 სამარხი. 1 მ სიღრმის ორმოში დაკრძალული იყო ერთი მიცვალებული, ზურგზე მწოლი, გაშოტილი, თავით დასავლეთისაკენ. სამარხი გადახურილი იყო ხის კონსტრუქციაზე დაყრდნობილი კრამიტის ორფერდა სახურავით, შიგ აღმოჩნდა ოქროსა (ბეჭდები, საყურეები) და ვერცხლის (არმაზულ-წარწერიანი თასი, 2 სურა, ქამრის ნაწილები, ბეჭდები) ნივთები, მინის ჭურჭელი, გიშრის მძივები და სხვა.

ქუშანაანთ გორის სამაროვანი გაბატონებულ სოციალურ ფენას განეკუთუვნბეა, სოფ. მაგრანეთი კი გვიანდელი ანტიკური ხანის ერწოს პოლიტიკური ცენტრი უნდა ყოფილიყო.

ადრინდელ ფეოდალურ ხანაში ერწოს ველი კვლავ აღმავლობას განიცდიდა. ნამოსახლართა და სამაროვანთა სიმრავლე და მრავალფეროვანი მასალა იმ ხანის ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების დაწინაურებაზე მიუთითებს. ამ მხრივ საყურადღებოა თრანის სამაროვანი, სადაც შირიმის ფილებით ნაგებ ქვის სამარხებში რკინისა და ბრინჯაოს სამკაულების გვერდით გვხვდება ოქროსთავიანი საკინძებიც. ადრინდელი ფეოდალური ხანის ძეგლთა შორის მნიშვნელოვანია ქუშანაანთ გორის ნამოსახლარი და ქრისტიანული ხუროთმოძრვრების რამდენიმე ძეგლი (ბენწეწურების ეკლესია, არჩილის მონასტერი, საყრდიონის ეკლესია და სხვა). შუა ფეოდალურ ხანაში ერწოს ველი პოლიტიკურად "ჟალეთის ქვეყანას" ეკუთვნოდა. იმ ხანის ძეგლები მრავლადაა აღმოჩენილი. აბას I-ის შემოსევის შემდეგ ერწოს ველზე ინტენსიური ცხოვრება დიდი ხნით შეწყდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რამიშვილი რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 94-95.
  • რამიშვილი რ., ივრის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები, წგნ. 1 — სიონი, თბ., 1970