დიკლოს საცხოვრებელი სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დიკლო (მრავალმნიშვნელოვანი).

დიკლოს საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დიკლოს განაპირას, სამხრეთით. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკუთვნოდა პლატო ოსორაულს.

სახლი სამსართულიანია. ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია. პირველ სართულზე (5,2 x 4,8 მეტრი) საქონლის სადგომია, რომელსაც შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აქვს. ამავე კედელში ერთი სარკმელიცაა. სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ კედლებთან საქონლის ბაგებია, ჭერში ამოჭრილია მეორე სართულზე ასასვლელი ხვრელი. იატაკზე ფიქალია მოგებული. მეორე სართული (5,1 x 4,6 მეტრი) საცხოვრებელია, შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთიდან აქვს. სამხრეთ-დასავლეთ კედელში ორი სარკმელია. სარკმლებს შორის არსებული ხვრელიდან შეიძლება l სართულის კარის გაღება. სამხრეთ-დასავლეთ კედელში ერთი ნიშია, ჩრდილო-აღმოსავლეთისაში - ორი. ჭერში დატანებულია lll სართულზე ასასვლელი ხვრელი. იატაკი დატკეპნილი მიწისაა. მესამე სართულზე (5,1 x 4,6 მეტრი) შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთიდანაა. ამავე კედელში, აგრეთვე სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ კედლებში, ორ-ორი სარკმელია. დასავლეთისაში - ერთი. ამ სარკმლის ქვემოთ სათოფურია. იატაკი აქაც დატკეპნილი მიწისაა. სართულშუა გადახურვა კოჭოვანია. სამხრეთ-დასავლეთ ფასადზე, სათოფურის ზემოთ, რიყის ქვაზე (0,5 x 0,35 მეტრი) ამოკვეთილია სამი ჯვარი. ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ კედლებში ჩაყოლებულია ორ-ორი თეთრი სამკუთხა ქვა (0,3 x 0,25 მეტრი). სამხრეთ-დასავლეთ კედელზე ასეთივე ქვებით დეკორატიული სამკუთხედია (0,7 x 0,6 მეტრი) გამოყვანილი. სახლს ფიქლის ორფერდა სახურავი აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]