დევებიანის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დევებიანის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟინვალის ჩრდილოეთით, 2 კილომეტრზე, მდინარე ფშავის არაგვის მარჯვენა ნაპირზე, ფერდობზე, დევებიანად წოდებულ ადგილზე. განეკუთვნება XII-XIII საუკუნეებს. 1985 წლიდან მოქცეულია ჟინვალჰესის წყალსაცავით დატბორილ ზონაში.

1974 წელს გათხარა ისტორიის არქეოლოოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი). ფართო ხელოვნურ ტერასაზე განლაგებული იყო სამი საცხოვრებელი კომპლექსი. შენობები ნაგები იყო ნატეხი ქვით. თითოეული საცხოვრებელი კომპლექსი მოიცავდა ოთახს, მარანს და გომურს. საცხოვრებელ ოთახს დატკეპნილი თიხის იატაკი ჰქონდა, ოთახის შუაში კერა იყო მოწყობილი, კედლების მთელ სიგრძეზე — საფეხური, მარანში კი — ქვითკირის საწნახელი. გომურს ფიქლით მოგებული იატაკი ჰქონდა. ნამოსახლარზე შემორჩენილი იყო დამხმარე სათავსების ნაშთებიც. მთელ კომპლექსს შემოვლებული ჰქონდა მშრალად ნაწყობი ქვის კედელი. სამოსახლო განადგურებულია ძლიერი ხანძრის შედეგად, რაც ქრონოლოგიურად არაგვის ხეობაში მონღოლთა ურდოების შემოსევებს ემთხვევა. ამის შემდეგ ცხოვრება აღარ განახლებულა. მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაცულია აკც-ის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]