დარჩეთის არქეოლოგიური ძეგლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დარჩეთის არქეოლოგიური ძეგლები — არქეოლოგიური ძეგლები სოფელ დარჩეთის (გურჯაანის მუნიციპალიტეტი) დასავლეთ ნაწილში, „გიოაანთ ხოდაბუნზე“ (ამ ადგილს „საბურესაც“ უწოდებენ).

1974 წელს გამოვლინდა სამაროვანი. გაითხარა ძვ. წ. I – ახ. წ. I საუკუნეების ინჰუმაციური ორმოსამარხი. მასში აღმოჩნდა მოვარდისფროდ გამომწვარი 2 სასმისი, ნახევარსფერული ფიალა, ბრინჯაოს გვერგვი, რკალშეზნექილი სამაჯური და რკინის ორთითი. სამაროვნის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 10 მ-ზე, გამოვლინდა ძვ. წ. I ს. – ახ. წ. II საუკუნეების ნამოსახლარი. გადმოცემით აქ ეკლესია მდგარა, რომელიც დაუნგრევიათ. ეკლესიის საძირკვლის გამოსავლენად გაჭრილ სადაზვერვო თხრილში (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური) აღმოჩნდა VI–VIII საუკუნეების აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ დამხრობილი ქვის კოლექტიური სამარხი (2,2 მ × 0,9 მ × 0,7 მ), რომელშიც 6 ადამიანის ჩონჩხი იყო. ერთ ჩონჩხს ჰქონდა პირვანდელი მდგომარეობა — დაკრძალული იყო გულაღმა, გულხელდაკრეფილი, თავით დასავლეთისკენ. სამარხში აღმოჩნდა რკინის მშვილდსაკინძის ფრაგმენტები, სარდიონის მძივი, რკინის სამაჯურის ფრაგმენტები, ბრინჯაოს მშვილდსაკინძი, ბრინჯაოს ბეჭდის ნატეხები, ოქროს ცალი საყურე და სხვ. ბრინჯაოს ბეჭდის ფარაკზე გამოსახულია პირდაპირ მდგომი ხელებგაშლილი მამაკაცის ფიგურა, თავზე ადგას ბიზანტიის იმპერატორთა მსგავსი გვირგვინი, რომელიც ჯვრით ბოლოვდება. მასალა დაცულია კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]