გუანდრას ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გუანდრას ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს გუდაუთის მუნიციპალიტეტ სოფელ ახალ ათონში. საერთო გათხრილ ფართობში დადასტურდა სამი კულტურული ფენა: ზედა -A სრულიად არეული, მიწის სამუშაოების გამო, Б განსაზღვრულია ადრებრინჯაოს ხანით, ხოლო Б-ენეოლითით. ამ ორ ფენას შორის სტერილური თხელი შრეა. მასალას შეადგენს ქვის ნაწარმი და კერამიკა. რიყის ქვის იარაღებიდან აღსანიშნავია ორი გვერდამოღარული ბადის საწაფი, ორმხრივდამუშავებული სატეხები და ცალპირლესილი სატეხები, "სოხუმისა" და "სოჭი-ადლერის" ტიპის თოხები, "პიკის" ტიპის უნივერსალური იარაღები, რომლებიც როგორც ჩანს, თოხებად ან სატეხებადაც გამოიყენებოდა. ბევრია სიგრძით გაპობილი რიყის ქვა გამოყენების კვალით. კაჟი ანატკეცებითაა წარმოდგენილია, თუმცა ავტორი გამოყოფს სახვრეტებს, საფხეკებს და ტრაპეციის ფორმის იარაღებსა. კერამიკა ხელით ნაძერწია, მოწითალო-მონაცრისფრო ან მურა-მოშავო. ცომს ურევია ქვიშა, კალციტი, კვარცი, შამოტი და გამომწვარია შედარებით სუსტად. კეცი თხელია, ფოროვანი, ზოგჯერ ანგობირებული, მოგლუვებული. ძირები ბრტყელია, პირი სწორი, ჩვეულებრივ დაძერწილქობიანი. ჭურჭლები ქილის ან ქოთნის ფორმისაა. მათ ახასიათებთ სწორი დათხელებული ან მომრგვალებული პირი. არის პირგადმოკეცილი ჭურჭლები და მომრგვალებულმუცლიანი ქოთნებიც. შედარებით მცირეა სწორკედლიანი ჭურჭელი. ფორმათა ნაირგვარობით ხასიათდება ჯამები: არის როგორც უყელო, ისე ყელჩაღარული, პირგადაშლილი, სწორკედლიანი; არის პირფართო, ქუსლიანი სასმისი; მაღალფეხიანი ლარნაკი; ბოკალისებური ჭურჭლები და რქიანი სადგრები. ყურებია როგორც ფართო, შუაში ღარით, ასევე მოგრძო ლენტისებური, კედელში ჩასამაგრებელი სპეციალური შვერილით. არის კოპისებური და უნაგირისებური დანაძერწებიც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 24402