გრემის მეორე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრემის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი გრემის სამხრეთ-დასავლეთით, 2,5 კილომეტრზე მდინარე ინწობის მარჯვენა სანაპიროდან. აგებულია XVIII საუკუნეში. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. შესასვლელები აქვს დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. დასავლეთის კარს რომელიც ორივე მხრიდან შეისრული თაღით ყოფილა გადახურული, გადახურვის უმეტესი ნაწილი ჩამონგრეული აქვს. ჩრდილოეთის კარს კი მხოლოდ წირთხლების ქვედა ნაწილებიღა შემორჩა. ეკლესიის დარბაზი კვადრატს მიახლოებული სწორკუთხედია. აღმოსავლეთით მას ერთვის ღერძზე გაჭიმული თაღოვანი სარკმელი. იგი მთლიანად აგურითაა გამოყვანილი ისე, რომ მისი ზედა ნახევარი კონქის ფარგლებშია მოქცეული. თითო თაღოვანი სარკმელი დასავლეთ და სამხრეთ კედლებშიც არის. ეს უკანასკნელი კამარის ზედაპირშია მოქცეული. აღმოსავლეთ და სამხრეთ სარკმელი ორივე მხრიდან შეისრულთაღოვანია. დასავლეთისა ნახევრადწრიული. დარბაზის კედლები სადაა, უპლასტირო. აფსიდი დასრულებულია აგურით ნაგები კონკით, რომლის თაღს ბოლოებ გაშლილი ნახევარ წრის ფორმა აქვს . მსგავსი ფორმისაა კამარაც. მისი გვერდები წვრილი რიყის ქვითაა გამოყვანილი, ხოლო წვერი - მთელს სიგრძეზე - აგურით. ეკლესიის ფასადები ძირითადად ნატეხი ქვისაა. კედლები დანაწევრებულია საფეხურით შეღრმავებული, თანაბარი სიმაღლის სწორკუთხა არეებით, რომლებიც კუთხით შეჭრილი აგურებით გამოყვანილი ვიწრო ფრიზითაა დასრულებული. გრძივ ფასადებზე სამ-სამი არეა, განივ ფასადებზე ორ-ორი. არეები ერთმანეთისგან გამიჯნულია აგურით ნაგები მარტივი პილასტრებით, რომელთა წინა მხარე კედლის დანარჩენ ნაწილთან ერთ სიბრტყეშია. მსგავსი პილასტრი აუყვება შენობის ოთხივე კუთხეს. აღმოსავლეთ ფასადის პილასტრში საკურთხევლის სარკმელი გამოდის დასავლეთ არეების გამმიჯვნელი ,,პილასტრი" , რომელის სიგანით დანარჩენებს ბევრად აღემატება. იგი იმდენად განიერია რომ მასში ეკლესიის შესასვლელია მოწყობილი. ფასადები დასრულებულია აგურის ორსაფეხურიანი ლავგარდნით, რომლის უმეტესი ნაწილი ჩამოშლილია. ეკლესია გადახურული იყო ღარისებრი კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]