გარდაფხაძეების დარბაზ-მაჩუბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გარდაფხაძეების დარბაზ-მაჩუბი — არქიტექტურული ძეგლი ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკალში. გარდაფხაძეების კოშკის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 30 მეტრში. იგი აშენებულია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით, კირის დუღაბზე.

ამჟამად დარბაზ-მაჩუბიდან შემორჩენილია მხოლოდ კედლები. სახურავი და სართულშუა გადახურვა აღარ არსებობს. აღმოსავლეთ კედელზე დატანილია ორი კარი: ერთი პირველი სართულის დონეზე, მეორე - მეორე სართულის დონეზე. ორივე კარს აქვს თაღოვანი გადახურვა. თაღის ფორმა შექმნილია რადიალურად განლაგებული ქვებისაგან. აღნიშნული ფასადის ორივე სართულზე ვხვდებით ორ-ორ სარკმელს. მეორე სართულის სარკმლები, პირველი სართულის სარკმლებთან შედარებით, ბევრად დიდი ზომისაა. ამავე ფასადის მეორე სართულზე მოწყობილი იყო აივანი, რომლისგანაც დღეს მხოლოდ საძელე ფოსოებია შემორჩენილი. ჩრდილოეთ კედელზე პირველ სართულზე გაჭრილია ნაკელის გადმოსაყრელი ღიობი და პატარა სარკმელი, ხოლო მეორე სართულზე ერთი მოზრდილი თაღოვანი სარკმელი. დასავლეთ კედელზე ვხვდებით სამ ფანჯარას. ერთი ფანჯარა პირველ სართულზეა გაჭრილი, ხოლო ორი — მეორე სართულზე. სამხრეთ კედელზე გაჭრილია ერთი თაღოვანი კარი. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებზე შემოჩენილია ფრონტონები, რის საფუძველზეც შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ დარბაზ-მაჩუბის გადახურვა ორფერდა უნდა ყოფილიყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39411