ბურტყლა ბუგრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბურტყლა ბუგრი (ლათ. Eriosoma lanigerum) — მწერი ბუგრების ოჯახისა. ვაშლის საშიში მავნებელი. გავრცელებულია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, სამხრეთ აფრიკაში, ევროპაში, ახალი ზელანდიისა და ტასმანიის კუნძულებზე. ევროპაში შემოყვანილია ამერიკიდან. საქართველოში ყველგანაა გავრცელებული, განსაკუთრებით დაბლობ რაიონებში. ევროპული ბურტყლა ბუგრი გაუნაყოფიერებლად მრავლდება და ზაფხულში იძლევა 19-მდე თაობას. იზამთრებს ვაშლის ღეროებსა და ფესვებზე. ბურტყლა ბუგრის კოლონიები გამოყოფენ თეთრ ცვილისებრ ძაფს. იკვებებიან ღეროების, ტოტებისა და ფესვების წვენით, რის გამოც მცენარეს უჩნდება ბზარები და კოჟრები. ფერხდება ხის ზრდა, იკლებს მოსავლიანობა. ბურტყლა ბუგრი განსაკუთრებით აზიანებს ნათესარს, ზოგჯერ უმნიშვნელოდ - მსხალსაც. ბრძოლის ღონისძიებანი: მკაცრი კარანტინი, ნერგის გაუსნებოვნება, დაზიანებულ ბაღებში აფელინუსის გაშვება, ხეებზე ინსექტიციდების შესხურება, ფესვის ამონაყრის მოცილება და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]