შინაარსზე გადასვლა

ვერნერ ფონ ბრაუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბრაუნი, ვერნერ ფონ)
ვერნერ მაგნუს მაქსიმილიან ფონ ბრაუნი

მეცნიერი
მშობლიური სახელი Wernher Magnus Maximilian Freiherr von Braun
დაბადების თარიღი 23 მარტი, 1912
ვირზიცი, გერმანიის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 16 ივნისი, 1977
ალექსანდრია, აშშ

ბარონი ვერნერ მაგნუს მაქსიმილიან ფონ ბრაუნი (გერმ.: Wernher Magnus Maximilian Freiherr von Braun) (დ. 23 მარტი, 1912, ვირზიცი, გერმანიის რაიხი — გ. 16 ივნისი, 1977, ალექსანდრია, აშშ) — გერმანელი და ამერიკელი მეცნიერი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის რაკეტების განვითარებში მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაში, შემდგომ კი აშშ-ში. იგი ხელმძღვანელობდა გერმანული რაკეტულ პროგრამას მეორე მსოფლიო ომამდე და მის დროს, ომის შემდეგ გადავიდა აშშ-ში სადაც ჯერ ქმნიდა ამერიკულ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტებს ვიდრე ნასაში გადავიდოდა სამუშაოდ, სადაც იგი ამ ორგანიზაციის მარშალის სახელობის გაფრენების ცენტრის დირექტორი და სატურნ-V რაკეტის მთავარი კონსტრუქტორი გახდა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ადამიანის მთვარეზე გაფრენა. ვერნერ ფონ ბრაუნი მიჩნეულია ამერიკული კოსმოსური პროგრამის „მამად“.

მარია ფონ ბრაუნი, ვერნერ ფონ ბრაუნის მეუღლე.

ვერნერ ფონ ბრაუნი დაიბადა ქალაქ ვირზისკში (Wyrzysk), ახლანდელი პოლონეთის ტერიტორიაზე. წარჩინებულ ოჯახში ის სამი შვილიდან მეორე იყო. მამამისს ვაიმარის რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობა ეკავა, დედა კი დიდგვაროვანი ოჯახიდან იყო. ბავშვობაში ვერნერმა დედისგან მიიღო ტელესკოპი და ასტრონომიით დაინტერესდა. მოგვიანებით, ვერსალის ხელშეკრულების დადების მერე ვირზისკი პოლონეთის შემადგენლობაში შევიდა და მათი ოჯახი ბევრი სხვა გერმანული ოჯახის მსგავსად გერმანიაში გადავიდა.

ისინი დასახლდნენ ბერლინში სადაც ვერნერი არცთუ ისე კარგად სწავლობდა ფიზიკას და მათემატიკას სანამ არ იყიდა წიგნი „Die Rakete zu den Planetenräumen“ („რაკეტები კოსმოსურ სივრცეში“) რომლის ავტორი იყო ჰერმან ობერთი. ამის შემდეგ იგი სერიოზულად შეუდგა ამ მეცნიერების შესწავლას.

1930 წელს ვერნერ ფონ ბრაუნმა სწავლა განაგრძო ბერლინის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სადაც იგი გაწევრიანდა „კოსმოსური ფრენების საზოგადოებაში“ ("Verein für Raumschiffahrt "). აქ იგი მუშაობდა ობერთის თანაშემწედ თხევადსაწვავიანი რაკეტების ძრავების გამოცდელად. ხარისხის მიღების მერე მან სწავლა განაგრძო ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში სადაც მან დოქტორის წოდება მიიღო ფიზიკაში 1934 წელს.

სანამ ფონ ბრაუნი მის სადოქტორო ხარისხზე მუშაობდა, არტილერიის კაპიტანმა ვალტერ დორნბერგერმა მოახერხა მისთვის თანხების მოძიება საკვლევი სამუშაოებისათვის და ამის შემდეგ ბრაუნმა მუშაობა განაგრძო კუმერსდოფთან ახლოსმდებარე რაკეტების პოლიგონზე რომლის უფროსიც დორნბერგერი იყო. ფონ ბრაუნმა დოქტორის ხარისხი ორი წლის შემდეგ მიიღო და 1934 წლის ბოლოსათვის მისმა ჯგუფმა წარმატებით გაუშვა ორი რაკეტა რომლებმაც 2,2 და 3,5 კმ სიმაღლეს მიაღწიეს.

იმ დროისათვის ნაცისტური გერმანია ძლიერ დაინტერესებული იყო ამერიკელი მეცნიერის რობერტ გოდარდის გამოკვლევებით რომელიც ასევე რაკეტების შექმნაზე მუშაობდა. 1939 წლამდე გერმანელი მეცნიერები იშვიათად თუ მიმართავდნენ გოდარდს ტექნიკური წვრილმანების თაობაზე. ვერნერ ფონ ბრაუნი იყენებდა გოდარდის სხვადასხვა იდეებს და მათ იყენებდა A-4 რაკეტის (იგივე ფაუ-2) შესაქმნელად. 1963 წელს ფონ ბრაუნი შემდეგს ამბობდა რაკეტების ისტორიის აღწერისას: „მისი (გოდარდის) რაკეტები დღევანდელ დღესთან შედარებით მეტად პრიმიტიულები იყვნენ, მაგრამ სწორედ მათ გაკვალეს გზა კოსმოსისკენ და მის ბევრ იდეას ჩვენ დღეს ვიყენებთ რაკეტებში“. ომის დამთავრების შემდეგ გოდარდმა, რომელიც ესწრებოდა ამერიკელების მიერ ხელთ ჩაგდებული გერმანული რაკეტების გამოცდას დაადასტურა რომ ბევრი მისი იდეა გერმანელების მიერ იყო გამოყენებული.

„კოსმოსური ფრენის საზოგადოების“ დაშლის შემდეგ გერმანიაში აღარავითარი მსგავსი საზოგადოება აღარ იყო, ხოლო რაკეტების გაშვება მშვიდობიანი მიზნებისთვის აკრძალული იყო ნაცისტური რეჟიმის მიერ. ერთადერთი გზა რაკეტების შესაქმნელად იყო ის რომ ეს უნდა განხორციელებულიყო სამხედროების ფრთებქვეშ და შედეგად ბალტიის ზღვაში მდებარე კუნძულ პენემუნდეზე აგებულ იქნა რაკეტოდრომი. ვალტერ დორნბერგერი ამ რაკეტოდრომის უფროსი იყო, ხოლო ვერნერ ფონ ბრაუნი კი ტექნიკური დირექტორი. „ლუფტვაფფესთან“ (გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალები) თანამშრომლობით ამ ადგილზე იქმნებოდა თხევადსაწვავიანი რაკეტების ძრავები რომელთა გამოყენება აგრეთვე შესაძლებელი იქნებოდა ხრახნიანი თვითმფრინავებისთვის რომ მათი აფრენის მანძილი შემცირებულიყო. პენემუნდეში შექმნილ იქნა რაკეტა A-4 (მას მოგვიანებით ეწოდა ფაუ-2).

რაკეტა A4/V2-ის სქემა

1937 წლის ნოემბერში (სხვა წყაროს ცნობით 1932 წლის დეკემბერში) ფონ ბრაუნი ნაცისტურ პარტიაში გაწევრიანდა. ამერიკული დოკუმენტების თანახმად ბრაუნი სს (დამცველი რაზმები) წევრის გახდა 1933 წელს და პარტიაში კი 1937 წელს შევიდა. ფონ ბრაუნი სს ოფიცერი იყო 1940 წლის მაისიდან ომის დამთავრებამდე.

ფონ ბრაუნი შემდეგს ამბობდა ნაცისტური პარტიის წევრობაზე:

„მე ოფიციალურად მომთხოვეს რომ ნაცისტური პარტიის წევრი გამხდარიყავი. იმდროისათვის (1937) მე უკვე ვიყავი რაკეტული ცენტრის დირექტორი პენემუნდეში. მე რომ უარი მეთქვა ამით უნდა დავმშვიდობებოდი ჩემი ცხოვრები მიზანს და ამიტომ მე გადავწყვიტე რომ პარტიაში შევსულიყავი მაგრამ პარტიაში ყოფნისას მე არავითარ პოლიტიკურ საქმიანობას არ ვეწეოდი. 1940 წლის გაზაფხულზე სს პოლკოვნიკი მიულერი მოვიდა ჩემთან პენემუნდეში და მითხრა რომ იიგ გამოგზავნილი იყო სს მეთაური ჰაინრიხ ჰიმლერის მიერ რომელიც მოითხოვდა ჩემგან სს-ში შესვლას. მე მაშინვე დავურეკე ჩემს უფროსს, ვალტერ დორნბერგერს რომელმაც მითხრა რომ სხვა გზა არ იყო გარდა იმისა რომ სამუშაოს გასაგრძელებლად სს-ში გაწევრიანება“.

ეს მტკიცება კამათის საგნად იყო ქცეული რადგან 1940 წელს სს არ იჩენდა დიდ ინტერესს პენემუნდეს მიმართ. ასევე საეჭვოა ის ფაქტი რომ ვერნერ ფონბრაუნისთანა ადამიანებისგან იძულების გზით მოეთხოვათ ნაცისტური პარტიის წევრობა რომ არაფერი ვთქვათ სს-ზე. ბრაუნი ამტკიცებდა რომ სს ფორმა მას მხოლოდ ერთხელ ეცვა მის ცხოვრებაში. მისი პირველი წოდება სს-ში იყო უნტერშტურმფიურერი (ლეიტენანტი) და იგი ჰიმლერმა მოგვიანებით სამჯერ დააწინაურა და 1943 წლის ივნისისათვის ბრაუნი უკვე შტურბანფიურერი (მაიორი) იყო.

1942 წლის ნოემბერში ადოლფ ჰიტლერმა მოიწონა A-4 რაკეტების წარმოების და მათი ლონდონზე მასიური დაშენის გეგმა. 22 თვის შემდეგ, პირველი A-4 რაკეტები (უკვე მონათლული როგორც ფაუ-2 („შურისძიების იარაღი“)) გაშვებულ იქნენ ინგლისისკენ 1944 წლის 7 სექტემბერს.

სს გენერალ ჰანს კემლერს რომელმაც ინჟინრის რანგში ააშენა რამდენიმე საკონცენტრაციო ბანაკი (მათ შორის აუშვიციც) უმოწყალო ადამიანის რეპუტაცია ჰქონდა და მან წამოაყენა აზრი იმის თაობაზე რომ რაკეტების საწარმოებლად გამოეყენებინათ საკონცენტრაციო ბანაკების პატიმრები უფასო მუშახელის სახით. არტურ რუდოლფმა, პენემუნდეში არსებული ფაუ-2 რაკეტების ქარხნების მთავარმა ინჟინერმა ეს იდეა მოიწონა 1943 წლის აპრილში როდესაც მუშახელი ნაკლებობა იგრძნობოდა. დადგენილია რომ ამ რაკეტების საწარმოებლად უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა ვიდრე ამ რაკეტების გამოყენების შედეგად. ფონ ბრაუნი ამბობდა რომ იგი ბევრჯერ ესტუმრა რაკეტების საწარმოებელს ქარხანას და იქ არსებულ პირობებს „საშინელს“ უწოდებდა თუმცა ამტკიცებდა რომ არასოდეს ყოფილა მოწმე პეტიმერბის ცემის ან სიკვდილისა თუმცა მისთვის ნათელი იყო რომ 1944 წლისათვის ამ რაკეტების საწარმოებლად ხალხი იღუპებოდა. ფონ ბრაუნი უარყოფდა რომ ოდესმე ენახოს მითელბაუ-დორას საკონცენტრაციო ბანაკი.

ადამ კაბალას მოხსენებიდან:

„გერმანელი მეცნიერები რომლებსაც პროფესორი ვერბერ ფონ ბრაუნი ხელმძღვანელობდა ყველაფერს ხედავდნენ რაც ხდებოდა. როდესაც ისინი დერეფნებში დააბიჯებდნენ ისინი ხედავდნენ პატიმრების მძიმე, არაქათგამომლევ სამუშაოს. დორაში ყოფნისას პროფესორ ვერნერ ფონ ბრაუნს არასოდეს გამოუთქვამს პროტესტი იქ არსებული სისასტიკის შესახებ.“

და

„საავადმყოფოსთან ახლოს თქვენ შეგეძლოთ გენახათ პატიმრების გვამები რომლებიც ვერ უძლებდნენ მძიმე შრომას და რომლებთაც სადამსჯელო რაზმების წევრები აწამებდნენ მაგრამ პროფესორი ვერნერ ფონ ბრაუნი მათ უბრალოდ ახლოს ჩაუვლიდა ხოლმე“.

1944 წლის 15 აგვისტოს ფონ ბრაუნმა მისწერა წერილი ალბინ სავაწკის, ფაუ-2 რაკეტების წარმოების უფროსს სადაც წერდა რომ მან თავად შეარჩია ბუხენვალდის ბანაკიდან პატიმრები რის გამოც მან სინანული გამოხატა 25 წლის შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში.

წიგნში „ვერნერ ფონ ბრაუნი: კოსმოსის ჯვაროსანი“ ბევრი მაგალითია მოყვანილი იმისა რომ ვერნერ ფონ ბრაუნმა ყველაფერი იცოდა რაც ხდებოდა ქარხნებში მაგრამ იგი უძლური იყო რაიმე შეეცვალა. მითთელვერკში ვიზიტის შესახებ ვერნერ ფონ ბრაუნზე შემდეგი წერია:

„ეს საშინელებაა. ჩემი მეყსეული რეაქცია იყო ის რომ დაველაპარაკე სს-ის ერთ-ერთ ოფიცერს რომელმაც საკმაოდ უხეშად მითხრა რომ საკუთარი საქმისათვის მიმეხედა. მე მივხვდი რომ ჰუმანურ პრინციპებზე ამ ხალხს ვერ დაველაპარაკებოდი“ (გვ. 44)

ფონ ბრაუნის დაპატიმრების შესახებ სამი სხვადასხვა ვერსია არსებობს. ანდრე სელიერი, ფრანგი ისტორიკოსი და მითელბაუ-დორას საკონცენტრაციო ბანაკს გადარჩენილი ყველაზე კარგ ვერსიას გვთავაზობს რომლის თანახმად ჰიმლერმა გამოიძახა ფონ ბრაუნი თავის რეზიდენციაში დაახლოებით 1944 წლის თებერვალში. ჰიმლერს სურდა მისი ძალაუფლების გაზრდა ნაცისტურ გერმანიაში და საამისოდ სს გენერლის ჰანს კემლერის გამოყენებას გეგმავდა რომლის მეშვეობითაც გერმანიის შეიარაღებაზე (მათ შორის რაკეტების წარმოებაზე) კონტროლის დაწესება სურდა. ამიტომ ჰიმლერმა „ურჩია“ ფონ ბრაუნს რომ ფაუ-2 რაკეტებთან დაკავშირებით უფრო მჭიდროდ ეთანამშრომლა გენერალ ჰანს კემლერთან. მაგრამ ფონ ბრაუნმა მიუგო რომ ყველა არსებული პრობლემა იყო წმინდა ტექნიკური და რომ მათი გადაჭრა გენერალ დორნბერგერთანაც იოლად შეიძლებოდა.

ფონ ბრაუნი (არტახით ხელზე) ამერიკელებისდამი ჩაბარების მომენტში

როგორც ჩანს ვერნერ ფონ ბრაუნი სს დაზვერვის მეთვალყურეობის ქვეშ იყო 1943 წლის ოქტომბრიდან და მასზე და მის კოლეგებზე მოხსენება უკვე მზად იყო. მასში მათ „ბრალდებოდა“ რომ თითქოს ერთ საღამოს მათ გამოეხატოთ სინანული იმის გამო რომ ისინი არ მუშაობდნენ კოსმოსური ხომალდის შესაქმნელად და რომ ისინი გრძნობდნენ რომ გერმანიის მიერ ომის წაგება ახლოს იყო (ასეთი აზრები იმდროინდელ გერმანიაში „ფიურერის ღალატად“ ითვლებოდა). ახალგაზრდა კბილის ექიმმა ისინი დაასმინა ასეთი განწყობის შესახებ და ამას დაემატა ჰიმლერის მიერ შეთხზული ცრუ ბრალდება თითქოს ფონ ბრაუნს ჰქონდა სიმპატიები კომუნისტური პარტიის მიმართ და რომ თითქოს იგი განგებ აჭიანურებდა ფაუ-2 წარმოების პროგრამას. ამას ფონ ბრაუნის დაპატიმრება მოჰყვა.

ფონ ბრაუნი მოულოდნელად დააპატიმრეს 1944 წლის მარტში და ჩასვეს შტეტინის ციხეში (ახლანდელი პოლონეთის ტერიტორიაზე) სადაც მან ორი კვირა გაატარა ისე რომ არც კი იცოდა რა მუხლით იყო საქმე აღძრული მის მიმართ. მხოლოდ აბვერის საშუალებით მოახერხა ფონ ბრაუნის პირობითი გათავისუფლება და შპეერმა, შეიარაღების მინისტრმა დაარწმუნა ჰიტლერი რომ საბოლოოდ გაეშვათ ფონ ბრაუნი და ფაუ-2 წარმოების პროგრამაც გაგრძელდა.

ამერიკელებისადმი ჩაბარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1945 წლის გაზაფხულზე საბჭოთა არმია პენემუნდესგან 160 კილომეტრში იყო როდესაც ვერბერ ფონ ბრაუნმა შეკრიბა ყველა ვინც მონაწილეობდა რაკეტების შექმნაში და გამოჰკითხა თუ ვის და როგორ უნდა ჩაბარებოდნენ. რაკი მათ ეშინოდათ იმ ხმებისა რომლის თანახმადაც საბჭოთა კავშირში სასტიკად ეპყრობოდნენ ომის ტყვეებს, მათ გადაწყვიტეს რომ ამერიკელებს ჩაბარებოდნენ. ფონ ბრაუნმა გამოიყენა ყალბი დოკუმენტები მატარებლის მოსაპარად და მისი ხალხი-500 ადამიანი წაიყვანა ამერიკული არმიის შენაერთებისკენ ომისგან დანგრეული გერმანიის გავლით. სს-მა ამასობაში გამოსცა ბრძანება რომ მოეკლათ ყველა გერმანელი ინჟინერი რომელიც რაკეტების შექმნაში მონაწილეობდა და გაენადგურებინა მათთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი მაგრამ გერმანელ ინჟინრებს უკვე მოესწროთ ამ დოკუმენტების დამალვა მაღაროში და ახლა უკვე საკუთარ, გერმანულ ჯარებთან შეხვედრას არიდებდნენ თავს. ფონ ბრაუნის ძმამ, მაგნუს ბრაუნმა მოძებნა ერთი ამერიკელი რიგითი ჯარისკაცი და განუცხადა: „მე მაგნუს ფონ ბრაუნი ვარ. ჩემმა ძმამ გამოიგონა ფაუ-2. გვსურს თქვენ ჩაგბარდეთ“. აშშ სარდლობა მყისვე მიხვდა ამ ინჟინრების მნიშვნელობას და დაუყონებლივ მოინახულეს პენემუნდე და ნორდჰაუზენი რომ ხელში ჩაეგდოთ ფაუ-2 გამოუყენებელი ეგზემპლარები და მისი ნაწილები. ამერიკაში გადაზიდულ იქნა 300 ვაგონი ფაუ-2 ნაწილები თუმცა ფონ ბრაუნის თანამშრომლების დიდი ნაწილი საბჭოთა არმიის მიერ იქნა დატყვევებული. ამერიკელებმა მოძებნეს აგრეთვე ფაუ-2 ნახაზები.

სამსახური აშშ არმიაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
უოლტ დისნეი და ვერნერ ფონ ბრაუნი თანამშრომლობდნენ საგანმანათლებლო ფილმების შესაქმნელად კოსმოსის თემაზე. 1954 წელი

1945 წლის 20 ივნისს აშშ სახელმწიფო მდივანმა კორდელ ჰალმა (Cordell Hull) მოიწონა ფონ ბრაუნის და მისი სპეციალისტების აშშ-ში გადაყვანის გეგმა. ოპერაცია „Paperclip“ შედეგად ფონ ბრაუნი და ბევრი სხვა მეცნიერი რომლებიც ადრე სამხედრო დამნაშავეებად ან ეროვნული უსაფრთხოებისათვის საშიშ ელემენტებად იყვნენ მიჩნეულები აღმოჩნდნენ ამერიკაში.

1945 წლის 20 სექტემბერს დელავერის შტატში პირველი შვიდი გერმანელი მეცნიერი ჩაიყვანეს. შემდეგ ისინი, ფონ ბრაუნის გარდა წაიყვანეს მერილენდის შტატში პენემუნდეს დოკუმენტების დასახარისხებლად. ეს ის დოკუმენტები იყო რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო რაკეტების შემდგომი შექმნა და დახვეწა.

საბოლოოდ, ვერნერ ფონ ბრაუნი და მისი სპეციალისტები გადაიყვანეს მათ ახალ სამუშაო ადგილას, ტეხასის შტატში. აქ ისინი უხსნიდნენ სამხედრო, სამრეწველო და სამეცნიერო წრეები წარმომადგენლებს რაკეტის შესახებ ყველაფერს, ამას გარდა ისინი აწყობდნენ ფაუ-2 გადარჩენილ ეგზემპლარებს და მათ გასაშვებად ამზადებდნენ. ისინი აგრეთვე იკვლევდნენ რაკეტების მომავალს და მათი გამოყენების პერსპექტივებს სამხედრო და სამეცნიერო მიზნებისათვის. რადგან მათ უფლება არ ჰქონდათ დაეტოვებინათ მათი საცხოვრებელი ადგილი ნებართვის გარეშე, ფონ ბრაუნმა და მისმა სპეციალისტებმა ნახევრად ხუმრობით თავის თავს „მშვიდობის ტყვეები“ უწოდეს.

1950 წელს ფონ ბრაუნი და მისი ჯგუფი გადავიდნენ ჰანთსვილში, ალაბამის შტატში რომელიც ფონ ბრაუნის ადგილსამყოფლად იქცა მომდევნო 20 წლის განმავლობაში. 1950—1956 წლებში ფონ ბრაუნი ხელმძღვანელობდა სამხედრო მისნებისათვის განკუთვნილი რაკეტების შექმნას რის შედეგადაც შეიქმნა რაკეტა „რედსტოუნი“. 1955 წელს ფონ ბრაუნმა აშშ მოქალაქეობა მიიღო.

ფონ ბრაუნს არ შორდებოდა აზრი კოსმოსური მოგზაურობის შესახებ და 1952 წელს მან ერთ-ერთ ჟურნალში გამოაქვეყნა სტატია კოსმოსურ სადგურებზე სათაურით: „ადამიანი მალე კოსმოსში გავა!“. სტატია კარგად ილუსტრირებული იყო და ეფექტიანი საშუალება გახდა ასეთი იდეების გასავრცელებლად. ამ სტატიის თანახმად კოსმოსური სადგური იქნებოდა 76 მეტრი დიამეტრის, 1730 კმ სიმაღლის ორბიტაზე იქნებოდა გაყვანილი, იტრიალებდა საკუთარი ღერძის გარშემო ხელოვნური გრავიტაციის შესაქმნელად და გამოდგებოდა მთვარეზე გასაფრენადაც. იმისათვის რომ გამოეწვია საზოგადოების ინტერესი კოსმოსური გაფრენებისათვის, ფონ ბრაუნმა მუშაობა დაიწყო ტექნიკურ დირექტორად დისნეის სტუდიაში, თავდაპირველად სამი სატელევიზიო ფილმის შესაქმნელად რომელიც კოსმოსური მოგზაურობის თემაზე იქნებოდა.

როგორც არმიის ბალისტიკური რაკეტების სააგენტოს განვითარების განყოფილების დირექტორმა, ფონ ბრაუნმა და მისმა ჯგუფმა შექმნა რაკეტა „იუპიტერ-C“ რომელიც „რედსტოუნის“ მოდიფიცირებული ვერსია იყო. ამ რაკეტამ წარმატებით გაუშვა აშშ პირველი ხელოვნული თანამგზავრი „ექსპლორერ-1“ 1958 წლის 31 იანვარს. ეს იყო ამერიკის კოსმოსური პროგრამის დასაწყისი.

მიუხედავად „რედსტოუნის“ რაკეტებზე წარმატებით მუშაობისა 1945 და 1957 წლებს შორის თორმეტი წელიწადი ყველაზე რთული იყო ფონ ბრაუნის და მისი კოლეგების ცხოვრებაში. ამ ხნის განმავლობაში საბჭოთა კავშირში სერგეი კოროლიოვი მთელი დაძაბვით მუშაობდა ახალი, ფაუ-2 ბევრად უფრო მძლავრი რაკეტების შესაქმნელად და „სპუტნიკის“ დაწყებისათვის. ხოლო ამერიკულ მთავრობას არ სურდა დიდი რაოდენობით თანხის დახარჯვა რაკეტებზე. ამას გარდა, ამერიკული პრესა ხშირად ახსენებდა ფონ ბრაუნს მის ნაცისტურ წარსულს და პატიმრების გამოყენებას ფაუ-2 რაკეტის შესაქმნელად. მაგრამ 1957 წელს საბჭოთა კავშირის მიერ პირველი თანამგზავრის გაშვებამ სიტუაცია შეცვალა. ამერიკამ იგრძნო რომ საბჭოთა კავშირისგან კოსმოსის ათვისების საქმეში მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა. მას შემდეგ რაც აშშ ფლოტის მიერ შემუშავებული „ვენგარდის“ რაკეტა 1957 წლის 6 დეკემბერს პირველი ამერიკული ხელოვნური თანამგზავრის გაყვანის მცდელობისას აფეთქდა, აშშ ხელმძღვანელობამ იგრძნო რომ მათ სჭირდებოდათ ფონ ბრაუნის ჯგუფის გამოცდილება და შესაბამისად ისინი სწრაფად გადაიყვანეს ნასა-ში.

სატურნ-V პირველი საფეხურის F-1 ძრავა, წინა პლანზე ამ რაკეტის შემქმნელი ვერნერ ფონ ბრაუნი

„ნასა“ დაარსებულ იქნა 1958 წლის 29 ივლისს. ორი წლის შემდეგ ნასამ გახსნა მარშალის სახელობის გაფრენების ცენტრი ჰანთსვილში, ალაბამის შტატში და ფონ ბრაუნი მისი სპეციალისტებითურთ იქ გადავიდა. იგი ამ ცენტრის დირექტორი იყო 1960 წლის ივლისიდან 1970 წლის თებერვლამდე.

მარშალის სახელობის ცენტრის უმთავრესი მიზანი იმ ხანებში იყო „სატურნის“ ტიპის მძლავრი რაკეტების დამზადება რომელსაც მძიმე ტვირთების გაგზავნა შეეძლებოდა დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე და მის მიღმაც. ფონ ბრაუნის ოცნება-ადამიანს ფეხი დაედგა მთვარეზე სინამდვილედ იქცა 1969 წლის ივლისში როდესაც სტარტი აიღო აპოლო-11 მისიამ. „აპოლოს“ პროგრამის ფარგლებში მთვარეზე დაეშვა ექვსი კოსმოსური ხომალდი 1969—1972 წლებში. მთვარეზე პირველი დაშვების დროს ვერნერ ფონ ბრაუნმა საჯაროდ გამოთქვა იმედი რომ „სატურნის“ ტიპის რაკეტები დაიხვეწებოდა და საბოლოო ჯამში 80-იან წლებში ადამიანი მარსზე დაეშვებოდა.

ვერნერ ფონ ბრაუნი, უკანა პლანზე მის მიერ შექმნილი რაკეტების მოდელები, 1970 წელი

1970 წელს ფონ ბრაუნი მისი ოჯახით გადავიდა ვაშინგტონში სადაც მან ნასას სხვა განყოფილებაში დაიწყო მუშაობა. თუმცა „აპოლოს“ პროგრამის შემცირებასთან ერთად მან მიატოვა ნასაში მუშაობა 1972 წლის ივნისში რადგან მისთვის ნათელი იყო რომ მას და ნასას ამერიკის კოსმოსურ მომავალზე სხვადასხვა შეხედულება ჰქონდათ.

ნასას დატოვების შემდეგ ფონ ბრაუნი გახდა „ფერჩილდ ინდასტრიზ“ (Fairchild Industries) ვიცე-პრეზიდენტი სადაც მან მონაწილეობა მიიღო ეროვნული კოსმოსური ინსტიტუტის დაარსებაში რომელიც დღეს ცნობილია როგორც ეროვნული კოსმოსური სააგენტო. 1976 წელს ის გახდა ლუც კეიზერის მეცნიერ კონსულტანტი და გერმანული ფირმის OTRAG აღმასრულებელი ოფიცერი და აგრეთვე „დაიმლერ-ბენცის“ დირექტორთა საბჭოს წევრი. მას ხშირად სთხოვდნენ ხოლმე უნივერსიტეტებში და კოლეჯებში გამოსვლას. ფონ ბრაუნის დიდი სურვილი იყო კოსმოსური მოგზაურობების ინტერესი გაეღვივებინა ახალგაზრდა ინჟინრებს და სტუდენტებს შორის.

1976 წლისათვის ფონ ბრაუნისათვის ცნობილი გახდა რომ მას კიბო ჰქონდა. ქირურგიული ჩარევის მიუხედავად დაავადებამ უკან არ დაიხია რამაც აიძულა ფონ ბრაუნი რომ კომპანიიდან წასულიყო 1976 წლის 31 დეკემბერს. მისმა ოჯახმა დაარწმუნა იგი საავადმყოფოში დაწოლილიყო მაგრამ უკვე გვიანი იყო და 65 წლის ასაკში 1977 წლის 16 ივნისს ვერნერ ფონ ბრაუნი გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]