ახალზელანდიური თეთრი ბოცვერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალზელანდიური თეთრი ბოცვერი — სახორცე მიმართულების ბოცვრის ჯიში. გამოყვანილია აშშ-ში 1910 წელს ახალზელანდიური წითელი ჯიშის ალბინოსი ბოცვრების ამორჩევისა და შემდგომში „თავისში“ მოშენების გზით. არჩევდნენ ცხოველებს გამოხატული სახორცე ფორმებით, ზრდის მაღალი ინტენსივობითა და ხორცის ხარისხით; ცოცხალი მასის გაუმჯობესებისა და კონსტიტუციის გამაგრების მიზნით მიმართავდნენ ჩართულ შეჯვარებას ფლანდრის (ბელგიური გოლიათის) ჯიშის ბოცვრებთან.[1] ტანი მოკლე და მკვრივია, თავი პატარა, ზედმეტი ქონის ფენების გარეშე,[2] აქვს მოკლე, წვრილი, სწორმდგომი ყურები; მკერდი ღრმა და ფართო; ზურგი სწორი და მოკლე, ფართო გავა-წელის ნაწილითა და ფართო მომრგვალებული გავით; კიდურები სწორი, მსხვილი, მაგარი, კარგად დახრილი;[1] ძვლები წვრილია.[3] თმის საფარველი თეთრია. მამლის ცოცხალი მასაა 4,5 კგ, დედლისა — 5 კგ; ტანის სიგრძე მამლისა — 47 სმ, დედლისა — 49,5 სმ. საშუალო ნაყოფიერება 9–10 ბაჭიას შეადგენს. ისინი დედასთან 60 დღე რჩებიან.[1] იბადებიან 45 გ და აქვთ ზრდის მაღალი ტემპი. ორი თვისანი უკვე 1,8–2,2 კილოგრამს იწონიან, სამი თვისანი — 2,3–3 კილოგრამს. ერთ კილოგრამ ნაზარდზე, ცოცხალ მასაზე საკვების ხარჯი შეადგენს 3-დან 5 საკვებ ერთეულამდე.[2] კლავენ უკვე 1,8–2,2 კგ ცოცხალი მასის ბოცვრებს, ნაკლავის გამოსავალი — 54–58%-ია.[1] საქართველოში XX საუკუნის 70-იან წლებში შემოვიდა და გარემო პირობებსაც კარგად მოერგო.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Балакирев Н. А. НОВОЗЕЛАНДСКАЯ БЕЛАЯ ПОРОДА // Большая российская энциклопедия. т. 23. — М., 2013. — стр. 195.
  2. 2.0 2.1 2.2 გუგუშვილი, ნესტან. (30 მაისი, 2017) ბოცვრის სახორცე ჯიშები. agronews.ge. ციტირების თარიღი: 12 ივნისი, 2020.
  3. ბოსტაშვილი, დავით. (30 დეკემბერი, 2019) მებოცვრეობის სახელმძღვანელო, ჯიშები, პრაქტიკული რჩევები. agrokavkaz.ge. ციტირების თარიღი: 12 ივნისი, 2020.