აძივნის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აძივნის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამხრის სამხრეთით, მაღალი მთის წვერზე. თარიღდება Xlll-XlV საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (7,3 x 4,9 მეტრი), მიდგმულია ნანგრევებად ქცეული ზურგიანი კოშკის სწორ კედელზე, რომელიც ეკლესიის სამხრეთ ფასადის დასავლეთ ნახევარს მთლიანად ფარავს. ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია შირიმიც. ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია კამარა, კედლების ზედა ნაწილები და ჩრდილო კედელი. შესასვლელი სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია. კარი შირიმით ნაწყობი ნახევარწრიული თაღითაა დასრულებული. აფსიდი შებრტყელებული ნახევარწრის ფორმისაა, განათებულია მცირე ზომის, გარეთკენ მკვეთრად შევიწროებული სარკმლით. მსგავსი ერთი სარკმელია დასავლეთ კედელში. აფსიდის სამხრეთ ნაწილში პატარა თაღოვანი ნიშია. აფსიდის ჩრდილო ნახევარი მონგრეულია. კამარა დაყრდნობილი იყო ერთ საბჯენ თაღზე (შემორჩენილია თაღის სამხრეთ კონსოლი და ქუსლის წყობის ნაწილი). მოგვიანებით კამარის გასამაგრებლად დარბაზის შუაში, მთელ სიგრძეზე, აუგიათ საკმაოდ სქელი (სისქე 0,95 მეტრი) კედელი, რომლის აღმოსავლეთ ნაწილში ვიწრო კარია. ეკლესიის აღმოსავლეთით, ფერდობზე, შემორჩენილია რამდენიმე ნაგებობის ნანგრევები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]