აძვისთავის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აძვისთავის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვისთავში, სოფლიდან აღმოსავლეთით 1 კმ-ზე, ტყეში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ეკლესია მდებარეობს სოფლიდან აღმოსავლეთით 1 კმ-ზე ტყეში. ძეგლი ნაგებია რიყის ქვით და ფიქალით სქელ დუღაბზე. ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია წვრილი ქვით. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვა დგას. აბსიდის ჩრდილოეთით ერთი სწორკუთხა ნიშია. კონქი სფერულია. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. ეკლესიის კამარას ოდნავ შეისრული ფორმა აქვს, დარბაზი კი განათებულია სამხრეთის და დასავლეთის სწორკუთხა სარკმლებით. სამხრეთი შესასვლელი არქიტრავულია. კარი ნაოთხალია. ინტერიერში მიწის დონე აწეულია. ეკლესიას სამხრეთიდან მინაშენი აქვს. მისგან შემორჩენილია სამხრეთ-დასავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხეები, რომელთა სიმაღლე 1 მეტრს აღწევს. ფასადები სადაა. ეკლესიას საპირე ქვა მრავალ ადგილზე აქვს შემოცლილი. კედლები დაბზარულია, საბურავი აყრილია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 19-20