აჩაქველის ციხის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო ხორხის აჩაქველის ციხის კომპლექსიარქეოლოგიური, არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხორხის ტერიტორიაზე, მდინარე ხორხის (არაგვის მარცხენა შენაკადის) სათავესთან, მაღალ მთაზე. დასავლეთით აჩაქველისხევი ჩაუდის, აღმოსავლეთით - ნაკალოვრისხევი. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. კომპლექსში შედის წმინდა გიორგის ეკლესია, რამდენიმე ნაგებობის ნანგრევები და გალავანი. წმინდა გიორგის ეკლესია ციხის ყველაზე მაღალ ადგილზე, ჩრდილო ნაწილში დგას; ნაგებია კარგად დამუშავებული ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა, აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდია, მის ღერძზე ვიწრო სარკმელია გაჭრილი. შემორჩენილია ეკლესიის ჩრდილო და სამხრეთ მინაშენების კედლების და კამაროვანი გადახურვის ნაწილები. ეკლესიის ირგვლივ რამდენიმე ნაგებობის ნანგრევებია. ეკლესიის აღმოსავლეთით შემორჩენილია შიგნით შელესილი სათავსი (შესაძლოა, წყლის რეზერვუარი) და ჩასასვლელი კიბე. სათავსს სამხრეთ-დასავლეთ კედელში პატარა თახჩა აქვს. გალავანი ოვალური მოყვანილობისაა, ნაგებია სხვადასხვა ზომის მოთეთრო და მოვარდისფრო ნატეხი ქვითა და დუღაბით. შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთიდანაა. მის წინ თხრილია, რომელიც იცავდა ციხის მისასვლელს. გალავნით შემოსაზღვრული ტერიტორია წაგრძელებულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და თანდათან ვიწროვდება. გალავნის ჩრდილო კედელში ჩართულია ოთხი ნახევარწრიული ბურჯი. სამხრეთ კედელი დანგრეულია. ტერიტორიაზე აკრეფილია რკინის პატარა ნიჩაბი, ბრინჯაოს ჩამოსხმული ჭრაქი და დამუშავებული ქვის სწორკუთხა ფილა, რომლის ერთ-ერთ ვიწრო წახნაგზე ერთსტრიქონიანი ნუსხახუცური წარწერაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]