არყონის წმინდა გიორგის ნიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არყონის წმინდა გიორგის ნიში — საკულტო ძეგლი დგას სოფელ ყანობის სამხრეთით, გორაკზე. სალოცავი ოთხკუთხა სვეტის მსგავსი მასიური ნაგებობაა. ნაშენია ფიქლითა და რიყის ქვით. წყობა მშრალია. მთავარი ფასადი აღმოსავლეთითაა. ამ მხარეს მოწყობილია ოთხკუთხა თახჩა. ნიშს თავზე ადგას ქვის ჯვარი, რომელსაც ბაზალტის ბაზისი აქვს. ნიშიცა და ქვის ჯვარიც შეთეთრებულია კირით. იმავე სახელწოდების ნიში სოფლის შუაშიც დგას. შენობა ოთხკუთხა პრიზმის ფორმისაა. ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია. მთავარი ფასადი ჩრდილოეთითაა. ამავე კედელშია დატანებული სწორკუთხა თახჩა. თახჩაში ასვენია ლითონის ხატი, რომელზეც გამოსახულია მხედარი ჯვრით ხელში. მხედარს გარშემო უყვება მზის შვიდი გამოსახულება. მათ შორის წარწერაა: „არყონის წმინდა გიორგი“. აქვე ძევს ბიზანტიური ფორმის ორი ჯვარი და რუსულწარწერიანი ზარი. ნიშს ფიქლის გალავანი აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]