ამილახვრის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამილახვრის სახლი — არქიტექტურული და ისტორიული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ჭალის ცენტრში, საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, ე. წ. გივი ამილახვრის ციხე-დარბაზის გვერდით. სახლი აშენებულია XIX საუკუნის II ნახევარში. ნაგებია აგურით.

შენობა სამსართულიანია, აქვს სხვენი. შენობის აღმოსავლეთი ფასადი შედგება სამი ნაწილისაგან. ცენტრალური ნაწილი შიგნითაა შეწეული. ცენტრალურ შესასვლელში ორი ქვის სვეტია, რომლებსაც ეყრდნობა მეორე სართულის პატარა აივანი. შესასვლელის იატაკი მოპირკეთებულია მოზაიკით. ასეთივე იატაკია პირველ სართულზეც. ხის კარი მოჩუქურთმებულია. პირველი სართულიდან მეორეზე ადის ხის ორმარშიანი, მოხარატებულრიკულებიანი კიბე. მეორე სართულზე შუშაბანდია. აქ პარკეტია დაგებული. მეორე სართულზე სულ 11 ოთახია, ზოგი გატიხრულია, ამ სართულის აივნიდან მესამე სართულის ერთ ოთახში ადის ხის კიბე, მესამე სართულზე მხოლოდ ერთი ოთახია, საიდანაც კარი ღია აივანზე გადის. გვიანდელი მინაშენების კვალი განსაკუთრებით დასავლეთის ფასადს ემჩნევა. სარკმლები სხვადასხვა ზომისაა. ქვედა სართულზე 6 ოთახი საწყობადაა გამოყენებული, ჩრდილოეთის ფასადი ყრუ და სადაა. სამხრეთი ფასადის აივანი ძალზე დაზიანებულია. მესამე სართულზეც ხის აივანია. სამხრეთ ფასადის გასწვრივ სამეურნეო დანიშნულების მინაშენია. შენობა გადახურულია თუნუქითა და შიფერით. გადმოცემის თანახმად აღმოსავლეთი ფასადის ფილაზე ამოკვეთილი ყოფილა მხედრული წარწერა: „მეფისა მტერსა ლახვარი, ვამტკიცებ ამილახვარი“.

სახლი შეკეთებულია და ამჟამად აქ მოთავსებულია სხვადასხვა ადმინისტრაციული დაწესებულება. იყენებენ საწყობადაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]