ალექსანდრე შათირიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე შათირიშვილი
დაბადების თარიღი 1900
გურია
გარდაცვალების თარიღი 16 აპრილი, 1972
საქმიანობა ფსიქოლოგი

ალექსანდრე შათირიშვილი (დ. 1900, გურია — გ. 16 აპრილი, 1972) — ქართველი ფსიქოლოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე ნოეს ძე შათირიშვილმა საშუალო განათლების მიღების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნიმეტყველების ფაკულტეტზე ფსიქოლოგიის განხრით. იგი დიმიტრი უზნაძის სკოლის ღირსეული წარმომადგენელი იყო. სწავლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში უპირებდნენ დატოვებას, მაგრამ 1924 წლის აჯანყებაში აქტიური მონაწილეობის გამო არ დასცალდა.

თავის პოლიტიკური შეხედულებებით ალექსანდრე შათირიშვილი სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიას ეკუთვნოდა და ახალგაზრდა ფედერალისტთა კომიტეტის წევრი იყო. 1924 წლის აჯანყების წინ ამ კომიტეტის წევრების უმრავლესობა დაპატიმრებული და დახვრეტილი იქნა. ალექსნდრე შათირიშვილი შემთხვევით გადაურჩა დაჭერას და გურიაში იმალებოდა. აჯანყებამაც გურიაში მოუსწრო და აქ მიიღო მონაწილეობა. აჯანყების დამარცხების შემდეგ იძულებული გახდა სამშობლოდან წასულიყო. ემიგრაციაში თავს ფიზიკური შრომით ირჩენდა და შეძლებისდაგვარად სწავლას ფსიქოლოგიის განხრით სორბონის უნივერსიტეტში განაგრძობდა. ემიგრაციაში ალექსანდრე შათირიშვილს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა თავის ძველ პოლიტიკურ თანაპარტიელებთან — სამსონ ფირცხალავასთან, აკაკი პაპავასთან, ნიკო ურუშაძესთან, ფილიპე შარაძესთან, გიორგი ნაკაშიძესთან, მარკოზ ტუღუშთან.

1962 წელს პარიზში ცალკე წიგნად გამოიცა ალექსანდრე შათირიშვილის მონოგრაფია „ერის რაობა და მშობლიური გრძნობა“, სადაც ეროვნული პრობლემა ახლებურ საწყისზეა გაშუქებული, სამშობლოს განცდა განხილულია არა პოლიტიკური, არამედ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ალექსანდრე შათირიშვილის წერილები იბეჭდებოდა ემიგრაციაში გამომავალ სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ორგანოში – ჟურნალ „სახალხო საქმეში“, სოციალ–დემოკრატიული მიმრთულების ჟურნალებში „ჩვენი დროშა“ და „მებრძოლი საქართველო“, აგრეთვე ჟურნალ „კავკასიონში“. საფრანგეთში ალექსანდრე შათირიშვილი ცხოვრობდა მონბელიარის მხარეში, სადაც ცოლად შეირთო ფრანგის ქალი. ჰყავდათ ექვსი შვილი – ნინო, ბრენო, გილენ, კატო, ნათელა და არნო. ალექსანდრე შათირიშვილი ემიგრაციში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, იყო სოშოს ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე და ამ საპატიო თანამდებობაზე გარდაიცვალა მძიმე ავადმყოფობოს შემდეგ დაბა ბოლიოში 1972 წლის 16 აპრილს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შარაძე, გურამ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია თბ., 2003 გვ. 97-99

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]