აზროვნების დონეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაქსონომია

აზროვნების დონეები — პედაგოგის, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორის ბ. ბლუმის (1913—1999) თეორიის მიხედვით, გამოყოფენ აზროვნების შემდეგ დონეებს: ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება.

აზროვნების ეს დონეები საფეხურებს ქმნიან, სადაც ყოველი მომდევნო დონე უფრო რთულდება და მოიცავს ერთ ან რამდენიმე წინა დონეს. ცოდნა, გაგება და გამოყენება აზროვნების ქვედა დონეში მოიაზრება, ხოლო ანალიზი, სინთეზი და შეფასება კი — აზროვნების ზედა დონეში.

ცოდნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცოდნა ნიშნავს რაიმეს შესახებ ინფორმაციის ქონას და რაიმე საქმის ან მოქმედების შესასრულებლად საჭირო ხერხების ფლობას.

ბ. ბლუმის მიხედვით, ცოდნა განიხილება, როგორც აზროვნების ქვედა დონის უნარ-ჩვევა და მასში იგულისხმება:

  • ფაქტების, წესების, პრინციპების, თეორიების, თარიღების, პროცესების, ობიექტების, სტილის, მოვლენების ცნობა და დასახელება;
  • კონკრეტული მონაცემების, ტერმინოლოგიის, პროცედურების ცოდნა;
  • ინფორმაციის მოძიების პროცედურების ცოდნა;
  • კონკრეტულ მონაცემებთან მუშაობის ხერხების და საშულებების ცოდნა: ა) წესების და კანონების ცოდნა; ბ) კლასიფიკაციებისა და კატეგორიების ცოდნა; გ) კრიტერიუმების ცოდნა; დ) მეთოდების ცოდნა;
  • სმენითი, წერილობითი და გრაფიკული ინფორმაციის დამახსოვრება და გახსენება მსგავსი ან ზუსტი ფორმით;

გაგება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბენჟამინ ბლუმის მიხედვით, გაგება განიხილება, როგორც აზროვნების ქვედა დონის უნარ-ჩვევა და, ზოგადად, იგი გულისხმობს ნასწავლი მასალის მნიშვნელობის წვდომას;

კერძოდ:

  • ფაქტების, წესების, პრინციპების, თეორიების, პროცესების, ობიექტების, სტილის, მოვლენების საკუთარი სიტყვებით აღწერას;
  • ტექსტის ძირითადი აზრის საკუთარი სიტყვებით ახსნას მშობლიურ ენაზე;
  • ტექსტის შინაარსის გაგებაზე მიმართულ კითხვაზე პასუხის გაცემას;
  • სმენითი, წერილობითი და გრაფიკული ინფორმაციის ერთი ფორმიდან მეორეში გადატანას;
  • შესაბამისი მაგალითის მოყვანას;
  • საგნების, მოვლენების, პროცესებისა და სტილის თვალსაჩინო ნიშნით დახარისხებასა და დაჯგუფებას.

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბენჟამინ ბლუმის მიხედვით, გამოყენება განიხილება, როგორც აზროვნების ქვედა დონის უნარ-ჩვევა და ზოგადად, იგი გულისხმობს ადრე ათვისებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას;

კერძოდ:

  • ცოდნის სხვადასხვა სიტუაციაში (კონტექსტში) მოხმარებას;
  • მოდელის მიხედვით (ნასწავლი წესის მიხედვით) დავალების, სამუშაოს შესრულებას;
  • პროცედურის განხორციელებას;
  • კანონზომიერების მოქმედების ფარგლების განსაზღვრას.

ანალიზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანალიზი არის სააზროვნო უნარ-ჩვევა, რომლის დროსაც ხდება მთლიანი საგნის ცალკე ნაწილების, მხარეების და თვისებების გამოყოფა ადამიანის წარმოდგენაში. ცნობიერებაში მთლიანი საგნის ასეთ დაშლას ანალიზი ეწოდება.

ბენჟამინ ბლუმის მიხედვით, ანალიზი არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და მასში იგულისხმება:

  • მასალის (სტრუქტურის) შემადგენელ ნაწილებად დაყოფა;
  • ნაწილების შედარება-შეპირისპირება, ნაწილებს შორის კავშირის ან სტრუქტურის დანახვა;
  • მოვლენის მიზეზის (დაფარული აზრის აღმოჩენა) ახსნა;
  • პროცესის კანონზომიერების გამოვლენა;
  • მიზეზებსა და შედეგებს შორის კავშირების დადგენა.

სინთეზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინთეზი არის სააზროვნო უნარ-ჩვევა, რომელიც ანალიზის საწინააღმდეგო პროცესს წარმოადგენს. სინთეზი თვისებების გონებაში გაერთიანებას ახალი სტრუქტურული მთლიანობის სახით: მაგალითად, ნაწილებისგან ახალი მთელის შედგენა, ცალკე თვისებების გაერთიანება ახალი მთლიანი შინაარსის სახით და ა. შ.

ბ. ბლუმის მიხედვით, სინთეზი არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და მასში იგულისხმება:

  • ნაწილების შეერთება ახალი სტრუქტურის (მაგ. ტექსტის) შესაქმნელად
  • ჰიპოთეზის წამოყენება
  • კვლევის ან რეფერატის დაგეგმვა
  • შემოქმედებითი პროდუქტის შექმნა
  • პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების წამოყენება
  • პრობლემის გადაჭრისათვის საჭირო მოქმედებების დაგეგმვა
  • ახალი პროდუქტის (ინტელექტუალური ან მატერიალური) შექმნა ან გამოგონება.

შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბ. ბლუმის მიხედვით, შეფასება არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და ზოგადად, იგი გულისხმობს არჩეული კრიტერიუმების (მაგალითად, რაოდენობა, ხარისხი, ხანგრძლივობა, და ა. შ.) გარკვეული კატეგორიისადმი მიკუთვნებას, სტანდარტებზე (ამ კრიტერიუმის შესაბამისი სტანდარტული საზომი ერთეულები, საზოგადოებაში მიღებული ნორმები, ღირებულებები და წესები) და პირობებზე (კონტექსტი, საზღვრები, რესურსები, მოქმედების დრო და ადგილი და სხვა) დაყრდნობით რაიმეზე მსჯელობას ან დასკვნების გამოტანას.

კერძოდ:

  • საკუთარი პოზიციის (არჩევანის) არგუმენტირებული დასაბუთება;
  • გარკვეულ კრიტერიუმებზე ან სტანდარტებზე დაყრდნობით დასკვნების გაკეთება;
  • პოზიციისა და მისი კონტრარგუმენტების განხილვის საფუძველზე დასკვნის გამოტანა;
  • პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზიდან ერთ-ერთის არჩევის მართებულობის დასაბუთება;
  • მოდელის (სისტემის) მოქმედების შეფასება;
  • მტკიცებულების (თეორიის, პრეზენტაციის) ღირებულების(მნიშვნელოვნების) დაზუსტება;
  • რამდენად შეესაბამება მიღებული დასკვნა იმ მონაცემებს, რომელთა საფუძველზეც დასკვნა გაკეთდა (მონაცემებისა და დასკვნების შესაბამისობის დადგენა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]