აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (ლ. ასათიანის 29)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. აგებულია XIX საუკუნეში. მდებარეობს მდინარე ოცხეს მარცხენა სანაპიროს იმ ნაწილში, სადაც ლადო ასათიანის ქუჩა აქ არსებულ პარკს კვეთს.

უმეტესად ჰორიზონტალურად გაშლილი შენობებისგან შემდგარ მეჩხერ განაშენიანებაში, ყურადღებას იქცევს „რეშელის“ პანსიონად ცნობილი ნაგებობა შპილით დასრულებული ციცაბო მანსარდიანი სილუეტით, რომელიც რომანტიზმისა და ჩრდილო-ევროპული არქიტექტურისათვის დამახასიათებელ ნიშნებს ატარებს. დამრეც რელიეფზე ტერასულად განლაგებული ამ რთული კონფიგურაციის შენობის შუშაბანდებიანი და აივნებიანი ფასადები შეკიდული ნაწილებითა და რიზალიტებით, სართულის დამასრულებელ ზედა არეებში ჩართული აჟურული ფრიზებით და ქვემოთ — რიკულებიანი ჩანართებით, აღნიშნული ციცაბოსახურავიანი მანსარდითა და მინიატურული მეზონინით, მკაფიოდ ინდივიდუალურ სივრცით-გეგმარებით და მხტვრულ კომპოზიციას ქმნის. მასშტაბური ორსართულიანი ნაგებობის მთის ფერდამდე გაგრძელებული ხუროთმოძღვრული სხეული ქუჩისკენ ერთიანად შემინული, შუშაბანდებიანი ვიწრო ფასადით გამოდის, რომელიც არასრული სიმაღლის ცოკოლის სართულში, თლილი ქვის მაღალ, ორსაფეხურიან ბაზისებზე შემდგარი კუთხეჩამოკვეთილი ხის სვეტებიანი ღია დერეფნით იხსნება. ფასადის შუა ნაწილში შპილიანი მანსარდით დასრულებული რიზალიტი იკვეთება მკვეთრად შვერილი გადახურვის ქანობებით, რომლის ქვეშ ხის რკალური ელემენტებით ელიფსური ფორმის თაღი და ჯვარედინი ფორმებია გამოყვანილი. ფასადი ასიმეტრიული და დინამიურია იმის გამო, რომ იგი ზემოთ ფართოვდება მეორე სართულის მარჯვენა კიდეში არსებული ხის დეკორაციულ კრონშტეინებზე შეკიდული შუშაბანდის ხარჯზე. მის ქვეშ განთავსებლია გვერდითი ფასადის მხრიდან ცოკოლის სართულის აყოლებით ამავალი, საცხოვრებელ სართულთან დამაკავშირებელი კიბეები. გვერდითი ფასადის მარცხენა კიდეში არსებულ მეორე სართულის ხსენებულ შეკიდულ შუშაბანდს ღია აივანი აგრძელებს, რომელსაც მეზონინით დასრულებული მცირე რიზალიტი უკეთდება. აივანს ზედა ტერასაზე განთავსებული გარედან მიდგმული, რიკულებიანი კიბის მარში უკავშირდება საპირისპირო მხრიდან. წაგრძელებული გვერდითი ფასადის დამასრულებელი მარჯვენა ნაწილი უკან იხევს და ვიწროვდება, მთის ფერდისკენ რელიეფი კიდევ ერთი ტერასით მაღლა იწევს, რის გამოც მას მეორე სართული უშუალოდ უკავშირდება. შენობის მარცხენა, სწორხაზოვანი გრძელი ფასადი სადა და გაუფორმებელ ზურგს ესაზღვრება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6199