აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (ზ. ფალიაშვილის 22)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბასთუმნის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში. აგებულია XIX საუკუნეში. მდებარეობს ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე, რომანოვების სასახლეთა კომპლექსამდე, მდინარე ოცხეს მარცხენა ნაპირთან.

ერთსართულიანი სახლი დამოუკიდებლად აგებული საცხოვრებელია, იგი ერთი მფლობელის კარ-მიდამოს შემადგენელი ნაწილია, რომელსაც ახლდა ზედ გზის პირას მდგარი საჯინიბო და დამხმარე ნაგებობა - მომსახურე პერსონალის საცხოვრებლად და სამეურნეო დანიშნულებისათვის განკუთვნილი ხის სახლი. კარ-მიდამო სამეფო ოჯახის ახლობელს ეკუთვნოდა და საჯინიბოც რომანოვების სასახლის კომპლექსს ემსახურებოდა. ნიშანდობლივია, რომ სახლის აივნის მხატვრული გაფორმება სიახლოვეს ავლენს რომანოვების სასახლეების აივნის ცალკეული დეტალების დამუშავებასთან. გზისკენ გვერდითი ფასადით მიმართულ წაგრძელებული გეგმის ქვის სახლს, მდინარისპირა მდელოსკენ - წინა და მეორე გვერდითი ფასადისაკენ ორმხრივად შემოსდევს დახვეწილი შესრულებითა და სისადავით გამორჩეული ხის განიერი აივანი. ფლეთილი კლდის ქვით ნაგები სახლის ცოკოლისა და წყობის ქვედა რიგებისათვის ნარჩენი კვადრებია გამოყენებული, ხოლო კედლების კუთხეები, აზიდული პროპორციის ღიობების სადა საპირეები, საფეხუროვანი პროფილის კარნიზი და აივანზე გვერდის მხრიდან მიდგმული ოთხსაფეხურიანი კიბის განიერი მარში თლილი ქვით არის შესრულებული. სახლის უკანა, ეზოსკენ მიმართულ ფასადზე საინტერესოა თლილი ქვით ამოყვანილი წახნაგოვანი კუთხე, თუმცა გარედან მიდგმული შუშაბანდი და განსაკუთრებით კი, შეუსაბამო გადაწყვეტის ბლოკის მიშენება უხეშად ცვლის შენობის თავდაპირველ გადაწყვეტას და ლახავს ამ ნაწილის მხატვრულ მთლიანობას. როგორც აღვნიშნეთ, შენობის თავისთავადობა დიდად არის დამოკიდებული აივანზე, რომლითაც ის იხსნება გარემოში. აივანი მთელ წინა ფასადს გასდევს, კუთხესთან, მდინარისკენ, ფართო წახნაგებით ტეხილ კონტურს შემოწერს და გვერდით ფასადზეც გადადის. აივნის ხის სვეტების ტანზე ოთხკუთხა და დაწახნაგებული მონაკვეთები მონაცვლეობს, რასაც ზედ ამოკვეთილი არშიები და კაუჭისებრი ნაშვერებიც ემატება. სვეტებს შორის არეებს ზემოთ ფრიზი ავსებს, რომელზეც შუქი ერთმანეთის პარალელურ ძელაკებს შორის გამოსჭვივის. ქვემოთ აივანს სვეტებს შორის ჩასმული მსხვილი ძელაკებით შედგენილი ბადის მოტივიანი მოაჯირი გასდევს, რომელზეც ძელაკების გადაჯვარედინების ადგილას კუბებია გამოკვეთილი, რაც ელემენტთა ულურსმნოდ შემაკავშირებელ ერთგვარ "მოქლონებს" მოგვაგონებს. აივანს მკვეთრად ნაშვერი ხის კარნიზი შემოსდევს, რომელიც სვეტებთან გარე მხრიდან დაკავშირებულ ხის დეკორაციულ, ასევე, კაუჭისებრ კრონშტეინებს ეყრდნობა. სიძველით გაცვეთილი ქვის კედლების კეთილშობილ ფერადოვნებას აივნის დიდი ღიადები და დეკორაციული ელემენტების მსხვილი ფორმები სისადავეს მატებს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6291