აბანოს კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბანოს კომპლექსი — კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საქართველოში, იმერეთის მხარეში, ქუთაისის მუნიციპალიტეტში. აბანოს კომპლექსის ქუთაისის ნაქალაქარის აკროპოლისში შემავალი ნაგებობაა, რომელიც მე-5-6 სს. თარიღდება. აბანოს კომპლექსი მოიცავს საკუთრივ აბანოს, წყლის აუზს- რეზერვუარს, შეშის საწყობს და გართობა-დასვენებისთვის განკუთვნილ სასტუმროს. აბანო თავიდან ანფილადური ტიპის ნაგებობა ყოფილა, რომელიც მე-6 საუკუნეში სამჯერ გადაუკეთებიათ. აბანო დასავლეთ-აღმოსავლეთის ხაზზეა დამხრობილი.თავდაპირველი სიგრძე 12.4 მ, სიგანე კი - 6,7 მ-ია. განახლების შემდეგ კომპლექსის ფართობი 1000 კვმ-მდე გაიზარდა. აბანო ქვითკირითაა ნაგები და კირქვის კვადრებით შეპერანგებული. კედლების სიგანე 0.51-0.65 მ შორის მერყეობს. სიმაღლეში 1.3 მ-დეა შემორჩენილი. ნაგებობა თავდაპირველად 7 განყოფილებისგან შედგებოდა: გასათბობი განყოფილება (ჰიპოკაუსტი), სამხრეთის მკლავის აბაზანა, ჩრდილოეთის მკლავის აბაზანა, საქვაბე, ცხელი აბანო (კალდარიუმი), თბილი აბანო (ტეპიდარიუმი), ცივი აუზი. განახლების შემდეგ დაემატა კიდევ ერთი ცივი აუზი, გასახდელი (აპოდიტერიუმი) და ნახევარწრიული აბაზანა. აბანოდან ნახმარი წყალი საკანალიზაციო ღვარსადენი არხებით გაედინებოდა. აბანოს გასახდელთან იყო დაკავშირებული გართობა-დასვენებისთვის განკუთვნილი სასტუმრო განყოფილება, რომელიც ორსართულიანი უნდა ყოფილიყო. აბანოდან ჩრდილო-დასავლეთით 20 მეტრში აგებულია წყლის აუზი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]