ჭიქურქვეშა საღებავები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭიქურქვეშა საღებავები – გამოიყენება ფაიანსის წარმოებაში, ფაიფურის წარმოებაში კი ისინი იშვიათად გამოიყენება ჭიქურიანი გამოწვის მაღალი ტემპერატურისა და აღმდგენელი გარემოს არსებობის გამო.

ჭიქურზედა საღებავების შემადგენლობაში შეჰყავთ ისეთი კერამიკული საღებავები, რომელიც გამოწვის დროს მედეგნი არიან ჭიქურის ზემოქმედების მიმართ. მათ მიეკუთვნება კობალტის, ნიკელისა და რკინის სილიკატები და ალუმინატები (შპინელები), ქრომის ჟანგი, ტიტანის, ვანადიუმის ნაერთები და კოლოიდური ოქრო, პლატინა და ირიდიუმი. გარდა ამისა იყენებენ ისეთ უფერო ნაერთებს, რომლებიც ცვლიან საღებავის ელფერს. ასეთებია მაგალითად: თუთიისა და კალის ჟანგები, დარიშხან–მჟავა, ცარცი და სხვა.

ლითონთა ჟანგეულები ჭიქურის ქვეშ იძლევიან სხვადასხვა ტონებს, რაც დამოკიდებულია ჭიქურის შემადგენლობაზე, შეფერილობაზე გავლენას ახდენს ჭიქურის არა მარტო ლღობადობა, არამედ მასზე ფლუსებად დამატებული ნივთიერებანიც.

რადგან შეფერილობის წინასწარ გამოცნობა ძალიან ძნელია, უმეტეს შემთხვევაში ხელმძღვანელობენ მარტოოდენ ცდის მონაცემებით. ლოთონთა ჟანგეულობის შერევისას მიიღება შუალედური ელფერები. თუ ნარევს ხმარების წინ წანასწარ გამოვწვავთ, მივიღებთ სხვაგვარ შეფერილობას, რომელიც დამოკიდებულია აგრეთვე გამოწვის ტემპერატურაზე.

გამოწვის წინ სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებებს ერთმანეთში ურევენ ოთხი მეთოდით:

  • ერთად დაფქვით ფაიფურის ბურთულებიან ან ვიბროწისკვილებში.
  • ლითონთა მარილების წყალხსნასრთა ერთდროული დალექვით.
  • ლითონთა ორი ან რამდენიმე მარილის ერთად შელღობით მათივე კრისტალიზაციურ წყალში, შემდგომი გამოწვით მათი ჟანგეულების მიღებამდე და კარგად ჩარეცხვით.
  • თიხამიწით, სილიციუმმჟავას ჰიდრატით, თუთიის ჟანგით, მეტაკალამჟავათი, კალციუმის მჟავით, კალციუმის ფოსფატით და ა. შ. მარილთა წყალსხნარების შესრუტვით.

განასხვავებენ ერთმანეთისგან ჭიქურქვეშა საღებავების ორ ჯგუფს – გამოწვის ტემპერატურით 1250°–მდე(ფაიანსისთვის, რბილი ფაიფურისთვის, თხელი ქვისმაგვარი ნაკეთობისათვის) და საღებავების ჯგუფს ფაიფურისთვის, რომელთა გამოწვის ტემპერატურა 1300–1400° ზღვებშია.