უნჯი ყმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უნჯი ყმა (ხევსურეთი), მკვიდრი ყმა (ფშავი) — თემის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც თავდაპირველად დასახლებულა და დასაბამი მიუცია სოფლისათვის. უნჯი ყმები სათემო ადგილ-მამულის თავდაპირველ მფლობელებად ითვლებოდნენ და თემის კულტის უპირველესი მატარებელნი იყვნენ. ამ ნიშნებით განსხვავდებოდნენ ისინი თემის დანარჩენი მოსახლეობისაგან, რომლებიც თემის მფარველ ჯვრის ყმებად ითვლებოდნენ, მაგრამ სხვა გვარებისა და მამემისაგან მომდინარეობდნენ და ჯვართან დამოკიდებულების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიად იყოფოდნენ (ტახტის ყმანი, საყმო საგლეხო).

უნჯი ყმები თემის ფარგლებში პრივილეგირებულ ფენას შეადგენდნენ. ისინი იყვნენ ჯვრის მთავარი მსახურნი — ხუცესი, ქადაგი და კულტის სხვა მომსახურე პერსონალი, რომლებიც თემის რელიგიის და ნაწილობრივ სოციალური ცხოვრების მმართველ ორგანოს — ჯვარიონს ქმნიდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ოჩიაური თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 162.
  • კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 191, ISBN 978-99940-27-10-1.
  • ერიაშვილი ჟ., უძველესი სოციალურ-რელიგიური ინსტიტუტები საქართველოს მთიანეთში, თბ., 1982;
  • ბარდაველიძე ვ., ხევსურული თემის სტრუქტურა და ჯვარისყმობის ინსტიტუტი, «საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე», 1952, ტ. 13, № 8;