პრეჯუდისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პრეჯუდისი — ინგლისური სიტყვაა და ითარგმნება, როგორც წინასწარ შეგონება, ცრურწმენა, ცრუ აზრი, ცრუ შეხედულება. სოციალურ ფსიქოლოგიაში ამ ტერმინს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. პრეჯუდისი არის ზოგიერთი ჯგუფის წევრისადმი ჩამოყალიბებული ატიტუდი ( დამოკიდებულება, შეფასება), რომელიც ემყარება მხოლოდ მის ამ ჯგუფისადმი მიკუთვნებულობას. ეს ატიტუდი, ჩვეულებრივ, არის ხოლმე ნეგატიური ხასიათის და ძალიან მცირე შემთხვევებში თუა დადებითი შინაარსის მატარებელი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი, რომელსაც აქვს პრეჯუდისი გარკვეული სოციალური ჯგუფის მიმართ, მის წევრებს აფასებს ამ პრეჯუდისის შესაბამისად. ამ დროს ინდივიდუალური პიროვნული მახასიათებლები და მოქმედებები ძლიერ უმნიშვნელოა. ჯგუფის წევრები შეფასებულნი არიან ამგვარად უბრალოდ იმიტომ, რომ მიეკუთვნებიან კონკრეტულ სოციალურ ჯგუფს.

პრეჯუდისი სქემის როლსაც ასრულებს. ეს ფაქტი გულისხმობს იმას, რომ ის ქმნის კოგნიტურ ჩარჩოს ინფორმაციის გაანალიზებისათვის, ორგანიზებისათვის, დამახსოვრებისათვის თუ აღდგენისათვის. შესაბამისად, პრეჯუდისებიანი ადამიანები თავიანთი პრეჯუდისების შესაბამისად აანალიზებენ კონკრეტული სოციალური ჯგუფის შესახებ მოცემულ ინფორმაციას. ისინი უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ და იმახსოვრებენ პრეჯუდისის კონსისტენტურ ინფორმაციას.

პრეჯუდისი ასევე გულისხმობს მიმართული სოციალური ჯგუფის მიმართ არსებულ გრძნობებსა და ემოციებს. ის შეიცავს ჯგუფის წევრების მიმართ ჩამოყალიბებულ რწმენებსა და მოლოდინებს. ეს სტერეოტიპები ეხება ხოლმე იმას, თუ რა მახასიათებლების მატარებლები არიან კონკრეტული სოციალური ჯგუფის წევრები ან კიდევ როგორია მათი ქმედებები. პრეჯუდისები არიან რა მატარებლები მზა ინფორმაციისა, ადამიანს ეხმარებიან, რომ დაზოგოს თავისი კოგნიტური რესურსები და დიდი დრო და ენერგია აღარ დახარჯოს სოციალური სამყაროს გაგებასა და შეფასებაში. ესე იგი, პრეჯუდისი „მოკლე ჩართვის“ როლს ასრულებს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ გზით გაკეთებული დასკვნები ხშირად მცდარია და მუდმივ მონიტორინგს საჭიროებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრეჯუდისი ხშირად ნეგატიური ატიტუდია. ძლიერი ნეგატიური დამოკიდებულებები იჩენს ხოლმე თავს პრეჯუდისებში, რომლებიც გარკვეულ რასობრივ, ეთნიკურ ან რელიგიურ ჯგუფებს მიემართებიან. ეს ხშირად ხდება დისკრიმინაციისა და კონფლიქტის მიზეზი. არსებობს პრეჯუდისების შემცირების ტექნიკები. სოციალური ფსიქოლოგები ხშირად მიმართავენ ჯგუფთაშორის კონტაქტებს, მშობლებისა და სხვა მოზრდილების განათლებას, რათა მათ ბავშვებს აღარ ჩამოუყალიბონ ცრურწმენები და ა. შ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Robert A. Baron,Donn Byrne, Blair T. Johnson, Exploring Social Psychology, 4th edition.