კლასობრივი ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კლასობრივი ბრძოლა — თეორია კლასობრივი საზოგადოების კონფლიქტური შინაგანი ბუნების შესახებ. მარქსისტულ დისკურსში კლასობრივი ბრძოლა გამოხატულებაა იმ ანტაგონიზმის, რომელიც წარმოიშვება, ერთი მხრივ, კლასობრივი ექსპლუატაციის, ხოლო, მეორე მხრივ, საწარმოო ძალებისა და საწარმოო ურთიერთობის არათანაბარი განვითარების შედეგად.

მე-19 საუკუნის ფილოსოფოსებმა კარლ მარქსმა და ფრიდრიხ ენგელსმა განავრცეს კლასობრივი ბრძოლის თეორია. მათ გააანალიზეს კაპიტალისტური საზოგადოების სტრატიფიკაცია კლასებად წარმოების საშუალებებთან დამოკიდებულების მიხედვით: გაბატონებული კლასს, ბურჟუაზიას, კერძო საკუთრებაში აქვს წარმოების საშუალებები და ეწევა დაქირავებული შრომის ექსპლუატაციას. ჩაგრული კლასი, პროლეტარიატი, მოკლებულია წარმოების საშუალებებს და იძულებულია თავისი სამუშაო ძალა ბურჟუაზიას მიჰყიდოს. ინტერესთა სხვადასხვაობა კლასებს შორის ხდება კლასობრივი ბრძოლის მიზეზი, რომელიც იძენს პოლიტიკურ, თეორიულ და ეკონომიკურ ხასიათს. ბურჟუაზია ცდილობს შეინარჩუნოს არსებული ფორმაცია, რაც მშრომელი მასების შეუზღუდავი ექსპლუატაციის საშუალებას იძლევა. პროლეტარატი ესწრაფვის არსებული წყობის მოშლას და უკლასო საზოგადოების შექმნას. კარლ მარქსის აზრით, კლასობრივი ბრძოლა სოციალური დინამიკის უმთავრესი განმსაზღვრელი ფაქტორია. მარქსისტული თეორიის მიხედვით, კლასობრივი ბრძოლის პროდუქტია სახელმწიფო — რეპრესიული მანქანა, რომელიც ემსახურება გაბატონებული კლასის ინტერესების დაცვას და ჩაგრული კლასის წინააღმდეგობის ჩახშობას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენგელსი ფ., სამოქალაქო ომი საფრანგეთში, გამოც. მე-3;
  • ლენინი ვ., თხზულებათა სრული კრებული, ტ. 23;
  • მარქსი კ., ენგელსი ფ., კომუნისტური პარტიის მანიფესტი, თბ., 1954;