კირნათის ხიდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კირნათის ხიდები — ოთხი ერთმალიანი ხიდის საერთო სახელწოდება საქართველოში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათისაკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე, რომელიც რამდენიმე ადგილას კვეთს პატარა მდინარეთა ხეობებს. თარიღდება XIX საუკუნის 80-იანი წლებით. ხიდები ჩართულია იმ გზაზე, რომელიც უმოკლესია ბათუმიდან ბორჩხის, ართვინის, არტანუჯის, შავშეთისა და არტაანის მიმართულებით.

კირნათის ხიდი N1[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კირნათის ხიდი N1

ერთმალიანი ხიდი (სიგრძე 19 მ., სიგანე — 5 მ., ბურჯებსშორის მანძილი — 6 მ., წყლის დონიდან კამარამდე — 5 მ., თავბანდამდე — 6 მ., თავბანდის სისქე — 1 მ.) აღმართულია ხეობაში, სადაც გზა რკალს ხაზავს, შესაბამისად გზის მიმყოლად დაგეგმარებული ხიდიც რკალის ფორმას იმეორებს. ის ქვითა და კირით არის აშენებული. მასიურ ბურჯებზე დაყრდნობილ ხიდის თაღს მწყობრად განლაგებული ქვები შემოწერს. რელიეფის გათვალისწინებით, ხიდის ერთ მხარეს ბურჯები უფრო მასშტაბურია. ერთიან სიბრტყეს, დიდი ზომის ქვების თანმიმდევრული წყობა, კიდევ უფრო მასიურს ხდის.

კირნათის ხიდი N2[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდი ხეობაში ისეა აგებული, რომ რკალს შემოხაზავს. ის ერთმალიანია. ნაგებია თანმიმდევრულად განლაგებული დიდი ზომის ქვებით. მასიური ბურჯები რელიეფს კარგად ერწყმის. თაღს ნახევარწრეზე თანმიმდევრულად განლაგებული ქვენი შემოწერს. ხიდს, გზის შემომსაზღვრელი დაბალი ქვის მოაჯირი ერთვის, რომლის „კედელიც“ ცალ მხარეს გრძელდება და გზას მიუყვება. ხიდის ზედაპირი ასფალტით არის დაფარული.

კირნათის ხიდი N3[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთმალიანი ხიდი ხეობაში ისეა აგებული, რომ რკალს შემოწერს. ის დიდი ზომის ქვებით არის აგებული. მალის თაღს ნახევარწრეზე, ბურჯებისა და კამარის საპირეებზე გამოყენებულია თლილი, კარგად დამუშავებული სწორკუთხოვანი ქვები კირის ხსნარზე. ბურჯები ამოვსებულია მდინარის ქვა-ღორღით. ხიდზე მოწყობილია თანამედროვე ლითონის მოაჯირი.

კირნათის ხიდი N4[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთმალიანი ხიდი ქვით არის აგებული. ის, კირნათის სხვა ხიდებისაგან განსხვავებით, სწორხაზოვნად არის დაგეგმარებული. მალის თაღს ნახევარწრეზე თანმიმდევრულად განლაგებული ქვები განსაზღვრავს. მასიური ბურჯები რელიეფს კარგად არის მორგებული. ხიდის ზედაპირი ასფალტით არის დაფარული და მოწყობილია ლითონის თანამედროვე მოაჯირები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11773
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11774
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11775
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11776