გრიგორ ლანდსბერგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრიგორ ლანდსბერგი
დაბ. თარიღი 10 (22) იანვარი, 1890
დაბ. ადგილი ვოლოგდა[1]
გარდ. თარიღი 2 თებერვალი, 1957(1957-02-02)[1] [2] (67 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი, რსფსრ, სსრკ[1]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა ფიზიკოსი, გამომგონებელი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები სტალინური პრემია, ლენინის ორდენი და მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“

გრიგორ ლანდსბერგი (რუს. Григо́рий Самуи́лович Ла́ндсберг; დ. 22 იანვარი, 1890, ვოლოგდა — გ. 2 თებერვალი, 1957, მოსკოვი) — რუსი ფიზიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1890 წლის 22 იანვარს, ვოლოგდაში დაიბადა გამოჩენილი ფიზიკოსი, შესანიშნავი პედაგოგი გრიგორ სამუელის ძე ლანდსბერგი. გრიგორის მამა მუშაობდა ტყის მცველად. მალე მან დატოვა ვოლოგდა და ოჯახით გადასახლდა ნიჟნი-ნოვგოროდში, სადაც ლანდსბერგმა გიმნაზია ოქროს მედალზე დაამთავრა. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ თვრამეტი წლის ლანდსბერგი შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე. ავადმყოფობის გამო ანდსბერგი იძულებული იყო სამი წლის განმავლობაში ეცხოვრა შვეიცარიაში. ია იგი რეპეტიტორობდა. რუსეთში კი ჩამოდიოდა მხოლოდ გამოცდების ჩასაბარებლად. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე იგი იქვე დატოვეს.

პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო ახალგაზრდა მეცნიერებს მოუხდა მოსკოვის უნივერსიტეტის დატოვება, ომის დამთავრების შემდეგ კი მუშაობა დაიწყო ფიზიკისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტში. 1920-1923 წლებში ბიოფიზიკის ინსტიტუტს იმ დროს ხელმძღვანელობდა ცნობილი რუსი ბიოფიზიკოსი აკადემიკოსი პ. ლაზარევი. ფიზიკისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტი ინტენსიურად მუშაობდა ოპტიკის პრობლემებზე და ახალგაზრდა ლანდბერგის მოღვაწეობაც ამ მიმართულებით დაიწყო. 1923 წლის შემდეგ ლანდსბერგი ირითადად მუშაობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში და აგრეთვე საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში. უნივერსიტეტში იგი კოთხულობდა სპეციალურსა და ზოგადი ფიზიკის კურსს, ხელმძღვანელობდა ოპტიკის ლაბორატორიას, განაგებდა ზოგადი ფიზიკის კათედრას და კაბინეტს. ამ პერიოდში ლანდსბერგმა, საბჭოთა ფიზიკოს ლ. მანდელშტამთან ერთად, დაიწყო კვლევა-ძიება ფიზიკურ ოპტიკაში.

ლანდსბერგის შრომათა ძირითად თემას წარმოადგენდა ფიზიკური ოპტიკის ერთ-ერთი რთული საკითხი - სინათლის მოლეკულური გაბნევა კრისტალებში. განსაკუთრებით შესანიშნავი შედეგები მიიღეს მანდელშტამმა და ლანდსბერგმა სინათლის მოლეკულური გაბნევის სპექტრული შემადგენლობის შესწავლის დროს. ჯერ კიდევ 1918 წელს, როცა ლანდსბერგი სწავლობდა სინათლის გაბნევის სტრუქტურას, იგი დაინტერესდა ამ საკითხით. სინათლის სპექტრული შემადგენლობის შესასწავლად მრავალ ცდას ატარებდნენ. 1927 წელს მანდელშტამი და ლანდსბერგი მივიდნენ შესანიშნავ აღმოჩენამდე, მათ შენიშნეს, რომ სინათლი სპექტრში დაცემული მონოქრომატული ტალრის შესაბამისად ზოლის გვერდით გაჩნდა სპექტრის უხილავი ხაზები ე. წ. „თანამგზავრები“. მათი შრომა სინათლის კომბინაციური გაბნევის შესახებ გამოქვეყნდა 1928 წლის 6 მაისს.

30-იან წლებში, ორგანული ქიმიის სპეციალისტებთან ერთად, ლანდსბერგმა დაამუშავა ნახშირწყალბადების მოლეკულური ქნქლიზის ეფექტიანი მეთოდი. ამ მეთოდებმა ფართო გამოხმაურება ჰპოვა განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის დროს, ბენზინისა და სხვა საწვავ ნივთიერებათა ანალიზში. დღეს კი ლანდსბერგის მეთოდი გამოიყენება სხვადასხვა წარმოშობის ნავთობის შესასწავლად. ლანდბერგის მიერ ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევა-ძიება არ შეწყვეტილა და 1956 წელს გამოვიდა მისი მონოგრაფია წყალბადების კომბინაციურიგაბნევის სპექტრის ძირითადი პარამეტრების შესახებ. სიცოცხლის ბოლო წლებში ლანდბერგი მუშაობდა ბლანტ სითხეებსა და ამორფულ სხეულებში მოლეკულური გაბნევის შესწავლაზე.

ლანდბერგის უშუალო ხელმძღვანელობით საბჭოთა სპექტროსკოპისტები იკრიბებოდნენ საკავშირო კონფერენციებზე. ყოველი მათგანი აშკარად გრძნობდა ლანდბერგის დამსახურებას სპექტროსკოპიაში და მისი შრომების სიდიადეს. 1941 წელს სპექტრულ ანალიზში შესანიშნავი შრომებისათვის ლანდსბერგს მიენიჭა სახელმწიფო პრემია, 1945 წელს დააჯილდოვეს ლენინის ორდენით, ხოლო 1946 წელს აირჩიეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.

გრიგორ ლანდსბერგი გარდაიცვალა 1957 წლის 2 თებერვალს, 47 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973, გვ., 465-470
  • Гинзбург В. Л., Фабелинский И. Л. «К истории открытия комбинационного рассеяния света»
  • Храмов Ю. А. Ландсберг Григорий Самуилович // Физики: Биографический справочник / Под ред. А. И. Ахиезера. — Изд. 2-е, испр. и дополн. — М.: Наука, 1983. — С. 153. — 400 с.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Ландсберг Григорий Самуилович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. SNAC — 2010.