ჰომრული
ჰომრული, ჰოუმრული (ინგლ. Home Rule — თვითმმართველობა, ავტონომია) — მოძრაობა ირლანდიის ავტონომიისათვის (XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან XX საუკუნის დასაწყისამდე). ჰომრულის პროგრამა ითვალისწინებდა ირლანდიის პარლამენტისა და მმართველობის ეროვნული ორგანოების შექმნას და ირლანდიაზე ბრიტანეთის უზენაესი ხელისუფლების შენარჩუნებას. ეს პროგრამა წამოაყენა ირლანდიელმა ლიბერალმა ისააკ ბატმა 1869 წელს. მანვე 1970 წელს დააარსა ირლანდიის თვითმართველობის ასოციაცია, რომელიც 1873 წელს გარდაიქმნა ჰომრულის ლიგად. 1874 წელს ინგლისის პარლამენტის არჩევნებში ჰომრულერებმა 60 დეპუტატი გაიყვანეს. მიზნის მისაღწევად ჰომრულერები თავიანთი ლიდერის ჩარლზ სტიუარტ პარნელის მეთაურობით პარლამენტში იყენებდნენ ობსტრუქციის ტაქტიკას, ცდილობდნენ უზრუნველყოთ მასების მხარდაჭერა, რისთვისაც მათ ხელი შეუწყვეს 1879 წლის გლეხთა მასობრივი საადგილმამულო ლიგის შექმნას. ირლანდიის პოზიციის გაძლიერებამ აიძულა ლიბერალები შეეტანათ პარლამენტში ბილი ჰომრულის შესახებ 1886 და 1893 წლებში, მაგრამ კონსერვატორებმა (ლიბერალთა ნაწილთან ერთად) რამდენიმეჯერ ჩაშალეს ბილის მიღება. 1890 წელს კი თვით ჰომრულის პარტიაში მოხდა განხეთქილება. იმპერიალიზმის ეპოქის დასაწყისიდან ირლანდიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა გასცდა ჰომრულის ფარგლებს. ბრძოლა გადაიზარდა ირლანდიის აჯანყებაში (1916). ეროვნულ მოძრაობაში უპირატესობა მოიპოვა შინფეინერების პარტიამ, რომელიც სათავეში ჩაუდგა ბრძოლას რესპუბლიკისათვის. 1921 წლის 6 დეკემბერს ინგლისის მთავრობამ მემარჯვენე შინფეინერებთან დადო ხელშეკრულება, რომლითაც დაადასტურა (სამხრეთის 26 საგრაფოს ტერიტორიაზე) ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფოს (ეირეს) შექმნა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 685.