ჰერაკლიდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Konstakademiens gipser, hjälten Herkules (Herakles) och Telefos, 2016.jpg
Château de Fontainebleau-Héraklès et Télèphe-20150119.jpg

ჰერაკლიდები(ბერძნ.) ჰერაკლესა და დეანირას ჩამომავლები. მათ შორის შედარებით ცნობილნი იყვნენ ჰერაკლეს ძის, ჰილოსის შვილები, რომლებიც შეიჭრნენ პელოპონესოსში ტროას ომის დაწყებისა და დასრულების შემდეგ, რათა დაებრუნებინათ მამის სამფლობელოები.

პირველი ომი მათ წამოიწყეს ჰერაკლეს გარდაცვალებისთანავე. ჰილოსმა და მისმა შვილებმა იერიშით აიღეს ყველა ქალაქი. როცა მომდევნო წელს შავი ჭირი მოედო იმ მიდამოებს და ორაკულმა განაცხადა: „ჰერაკლიდები მოვიდნენ არა სათანადო ჟამს“, ჰილოსი უკან დაბრუნდა, მარათონში. მან დელფოს სამისნოს მიაკითხა, რათა გაეგო, პელოპონესოსში გალაშქრების დრო როდის დაუდგებოდა. „მესამე ნაყოფის შემდეგ“ – ასეთი იყო პითიას პასუხი. ჰილოსმა იფიქრა, რომ „ნაყოფი“ მოსავალს ნიშნავდა და სამი წლის შემდეგ ისევ გაემართა სალაშქროდ. ისთმოსზე შეხვდა ატრევსს, რომელსაც მემკვიდრეობით მიეღო მიკენის სამეფო ტახტი და ახლა უკვე ლაშქრის სათავეში იდგა. ზედმეტი სისხლისღვრისათვის თავი რომ აერიდებინა, ჰილოსმა ორთაბრძოლაში გამოიწვია ნებისმიერი, ვინც კი მას წარმომავლობით ეკადრებოდა. „თუ გავიმარჯვებ, სკიპტრა და სამეფო ტახტი ჩემი იქნება, თუკი დავმარცხდი ორმოცდაათი წელი გავა ჰერაკლიდების შემოსევამდე“, – ასე თქვა მან და ტეგეას მეფე ექემოსმა მიიღო მისი გამოწვევა. კორინთოს და მეგარას საზღვარზე შედგა მათი ორთაბრძოლა. ჰილოსი დამარცხდა და იგი მეგარაში დაკრძალეს. ჰერაკლიდები დაბრუნდნენ ტრიკორინთოსში, ხოლო იქიდან დორისისკენ აიღეს გეზი. იქ მეფე ეგიმიოსს მოსთხოვეს სამეფოს ის ნაწილი, რომელიც მას ჰერაკლემ დაუტოვა. პელოპონესოსზე დარჩა მხოლოდ ლიკიმნიოსი შვილებით და ჰერაკლეს ძე ტლეპოლემოსი, რომელიც არგოსში დასახლდა. დელფოს წინასწარმეტყველმა კი, ვისმა რჩევამაც ესოდენი გაუგებრობა გამოიწვია, განაცხადა, რომ მან „მესამე ნაყოფში“ მესამე თაობა იგულისხმა.

რამდენადაც ნათელი გახდა, რომ ჰერაკლიდების მესამე თაობა უნდა შეჭრილიყო პელოპონესოსში, ეს საქმე ითავა ჰილოსის შვილიშვილმა არისტომაქოსმა. ჰერაკლიდებმა კვლავ განიცადეს დამარცხება. არისტომაქოსი მიკენის მეფე ტისამენოსმა განგმირა. მაშინ მისმა ვაჟიშვილებმა – ტემენოსმა, არისტოდემოსმა და კრესფონტესმა – პელოპონესოსში ზღვით შეჭრა სცადეს. მაგრამ ელვამ განგმირა არისტოდემოსი, რომელსაც დარჩა ორი ტყუპი ძე – ევრისთენესი და პროკლესი. ჰერაკლიდების ბანაკში მოულოდნელად გამოცხადდა წინასწარმჭვრეტელი კარნოსი, რომელიც პელოპონესოსელთა მიერ მოგზავნილ ჯადოქრად მიიღეს და მოკლეს. მაშინ ხომალდებმა იწყეს ჩაძირვა, მოლაშქრეებს კი შიმშილი კლავდა. აღარ შეიძლებოდა გზის გაგრძელება. დელფოს ორაკულმა ამჯერად ასე იმისნა: „მკვლელი ათი წლით განდევნეთ, ხოლო მის ნაცვლად წინამძღოლად ტრიოფსი აირჩიეთ“. როდოსის მეფე ფორბასს ჰყავდა ძე, სახელად ტრიოფსი. მის ჩამოყვანას აპირებდნენ ჰერაკლიდები, მაგრამ უეცრად ტემენოსმა თვალი ჰკიდა ეტოლიელთა ბელადს, ოქსილოსს, ელისიდან რომ ბრუნდებოდა ცალთვალა ცხენზე ამხედრებული. მას გაახსენდა, რომ „ტრიოფსი“ ნიშნავს „სამთვალას“, სწორედ ამიტომ მოიწვია ეტოლიელთა ბელადი ჯარის მხედართმთავრად. ჰერაკლიდებმა მისი წინამძღოლობით მალე დაიპყრეს მთელი პელოპონესოსი და კენჭისყრით გაინაწილეს: არგოსი ერგო ტემენოსს, სპარტა – ევრისთენესს და პროკლესს, ხოლო მესენე – კრესფონტესს.

ჰერაკლიდების მითოსში აისახა რეალური ისტორიული მოვლენები. კერძოდ, დორიელების მიერ პელოპონესოსის დაპყრობა. თავდასხმები, რომელთაც შედეგად მოჰყვა არგოლისიდან მცირე აზიაში და თებედან სარდინიაზე გადასახლებანი, ძველი საბერძნეთისთვის „ბნელი წლების“ დაწყებას მოასწავებდა.

ჰერაკლეს ჩამომავლებზე ჩვენამდე მოაღწია ევრიპიდეს ტრაგედიამ, სახელწოდებით „ჰერაკლიდები“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]