ჯონ დეივისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯონ დეივისი
დაბადების თარიღი 1550
სანდრიჯი
გარდაცვალების თარიღი 29 დეკემბერი 1605
მალაკის ნახევარკუნძული
ეროვნება ინგლისელი
საქმიანობა ზღვაოსანი
ხელმოწერა

ჯონ დეივისი (ინგლ. John Davis; დ. 1550 — გ. 29 დეკემბერი 1605) — ინგლისელი ზღვაოსანი. დასავლეთ არქტიკისა და სამხრეთი ატლანტიკის ცნობილი მკვლევარი.

1585-1587 წლებში ჩრდილო-დასავლეთ არქტიკულ გასასვლელებს ეძებდა. 1585 წლის ზღვაოსნობის დროს მიაღწია გრენლანდიის ფიორდს, სადაც ამჟამად გოტჰობი მდებარეობს და გადაკვეთა (დეივისის) სრუტის ყველაზე ვიწრო ადგილი და აღმოაჩინა (ეირიკ რაუდის შემდეგ) კამბერლენდის ყურე მეორედ. თუმცა მან ყურე სრუტედ მიიჩნია. 1586 წლის ექსპედიციის დროს ოთხ გემზე (რომელთაგან ორი შინ დააბრუნეს) გაიარა ბაფინის მიწის სანაპიროები, ვერ შეამჩნია ჰუდსონის ყურეში შესასვლელი, აღმოაჩინა ჰამილტონის ყურე, რომლის შესწავლა ვერ მოახერხა ძლიერი შტორმის გამო.

მესამე, 1587 წელს განხორციელებული ზღვაოსნობის დროს დეივისმა გაიარა გრენლანდიის სანაპირო სიახლოვე მისი სამხრეთი დაბოლოებიდან გოტჰობთან არსებულ ფიორდამდე და იქ სანადირო რეწვისათვის დატოვა ორი დიდი გემი, თავად კი 20 ტონიანი გემით გაემგზავრა ჩრდილოეთისაკენ და გზად გახსნა გრენლანდიის დასავლეთ სანაპიროს დაახლოებით 1700 კმ-იანი მონაკვეთი. აქედან გაემგზავრა ჩრდილო-დასავლეთისაკენ ღია ზღვაში (ბაფინის ზღვა) და გაიარა არაუმეტეს 200 კმ-ისა. მისი გადაადგილება ყინულებმა შეაფერხა. შემდეგ, დეივისმა გეზი აიღო ბაფინის მიწისკენ და შედეგად აღმოაჩინა კამბერლენდისა და ჰოლის ნახევარკუნძულები და მათი გამყოფი კამბერლენდის ყურე; აღმოაჩინა აგრეთვე ფრობიშერის ყურე.

სამხრეთით გაიარა ჰუდსონის ყურის შესასვლელი და აღნიშნა იგი როგორც „გამალებული მორევი“. აღწერა ლაბრადორის თითქმის მთელი 800 კმ-იანი ატლანტის ზღვისპირი და დაბრუნდა სამშობლოში.

1588 წელს მონაწილეობდა ესპანური არმადის დარბევაში, სადაც გემს მეთაურობდა. სამხრეთ ატლანტიკაში 1592 წელს შემთხვევით წააწყდა ფოლკლენდის კუნძულებს. დაიღუპა სინგაპურთან ახლოს იაპონელ მეკობრეებთან შეტაკების დროს 1605 წლის 29 დეკემბერს.

დეივისმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გემთმძღოლობაში. მის მიერ არის დახვეწილი ალიდადა; გამოიგონა კვადრანტი, რომელიც ნავიგაციაში მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა. შეადგინა იმ დროისათვის მეტად ზუსტი რუკები, რომლებსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. დეივისის სახელს ატარებს სრუტე გრენლანდიასა და ბაფინის მიწას შორის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]