ჯემალ კვანტალიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯემალ კვანტალიანი (დ. 28 მარტი, 1938, თბილისი ) — ქართველი მწვრთნელი, მეცნიერი, მხატვარი, პედაგოგი, სპორტსმენი.

1965 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით.

ინსტიტუტში სწავლის პარალელურად მუშაობდა თბილისის სპორტის სასახლის მშენებლობაზე, ჯერ მუშად, შემდეგ მშენებელ ოსტატად. 1965 წელს დაიწყო მუშაობა თბილისის საპროექტო ინსტიტუტ „თბილქალაქპროექტის“ მე-4 სახელოსნოში ინჟინრად. 1967-1990 წლებში იყო თბილისის სპორტკომიტეტის სპორტულ ნაგებობათა სამმართველოს მთავარი ინჟინერი. აწარმოებდა თბილისის სპორტულ ნაგებობათა აღდგენა-რეკონსტრუქციისა და ახალი ნაგებობების მშენებლობის სამუშაოებს. 1990-2004 წლებში მუშაობდა თბილისის კონტროლის პალატაში, იყო საქართველოს კონტროლის პალატის მთავარი სპეციალისტი მშენებლობის დარგში. პარალელურად, შეთავსებით, კითხულობდა ლექციებს ქართულ და რუსულ ენებზე ფიზკულტურის ტექნიკუმში და მწვრთნელთა სკოლაში, სპორტული ნაგებობების სპეციფიკისა და დაგეგმარება-მშენებლობის საკითხებზე. არის საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჟის ლექტორი. კითხულობს ლექციებს სპორტულ ნაგებობებზე და კრივის თეორიაში. იყო ტანმოვარჯიშე და მოკრივე. არის მრავალი წიგნის ავტორი: კრივის სახელმძღვანელოს „მოკრივეს საერთო ფიზიკური და სპეციალური მომზადება“, „მსოფლიოს უძველესი სპორტული ნაგებობები“, „ტანვარჯიშის სათავეებთან“ სადაც აღწერილია სპორტის ამ სახეობის წარმოშობისა და განვითარების საუკუნოვანი ისტორია, მონოგრაფია ცნობილ ქართველ ტანმოვარჯიშე რევაზ შარაბიძეზე. აგრძელებს მუშაობას ქართული ტანვარჯიშის ისტორიაზე.იგი თვითნასწავლი მხატვარია. მოწყობილი აქვს პერსონალური გამოფენები, როგორც თბილისში და ქუთაისში, ისე სხვა რაიონულ ცენტრებში. არის შესანიშნავი კარიკატურებისა და მეგობრული შარჟების ავტორი. 1964 წლის თბილისის „დინამოს“ სსრკ ჩემპიონობა დაამშვენა მისმა მეგობრულმა კარიკატურებმა.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სპორტის ოსტატი, ტანვარჯიში
  • საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მსოფლიოს უძველესი სპორტული ნაგებობები (ავტორი). - თბილისი, 2015 გვ. 44
  • მოკრივის საერთო ფიზიკური და სპეციალური მომზადება : სახელმძღვანელო (ავტორი). - თბილისი, საქ. ეროვნ. აკად. 2008 გვ. 188
  • კრივი : სასწ.-მეთოდ. დამხმ. სახელმძღვ.. - თბილისი, საქ. ეროვნული აკადემია, 2006 გვ. 235

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. თბ., 2021 გვ. 149-150

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]