ძველი ქართული ენის ლექსიკონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძველი ქართული ენის ლექსიკონი (მასალები) — ავტორი ქართული და ძველი სომხური ფილოლოგიის გამოჩენილი მკვლევარი ილია აბულაძე. ძველი ქართული ენის ლექსიკონში შეტანილია 11 800-მდე სიტყვა.

ავტორს წყაროებად გამოყენებული აქვს 150-მეტი, უკვე გამოქვეყნებული ან მხოლოდ ხელნაწერების სახის დაცული ძეგლი, უმთავრესად V-XI საუკუნეებისა. ყველა სიტყვა დოკუმენტირებულია სათანადო მასალით წყაროებიდან. ლექსიკონს უძღვის წინასიტყვაობა რედაქციისაგან და შემოკლებათა განმარტება.

ძველი ქართული ენის ლექსიკონი (მასალები) სულხან-საბა ორბელიანის „ლექსიკონის ქართული“-ს და ძველი ქართული მწერლობის ცალკეული ძეგლების გამოცემებზე დართული ლექსიკონების გვერდით წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე საყურადღებო ლექსიკოგრაფიულ ნაშრომს.

ლექსიკონის წინასიტყვაობაში აღნიშნულია, რომ ძველი ქართული ენის სრული ლექსიკონის შედგენა დიდი სამეცნიერო კოლექტივების საქმეა. აბულაძისეული ლექსიკონი კი აგებულია ძველი ქართული მწერლობის მხოლოდ გარკვეული ძეგლების მასალაზე ავტორის სამეცნიერო ინტერესებისა და მიზნების გათვალისწინებით. სწორედ ამ მიზეზის გამო რედაქციას მიზანშეწონილად მიუჩნევია ძველი ქართული ენის ლექსიკონის სათაურის ქვემოთ ფრჩილებში დაერთო ამგვარი დაზუსტება, - მასალები.

ლექსიკონის შექმნის ისტორიიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად პროფ. ილია აბულაძეს გამიზნული ჰქონდა ქართულ-სომხური დოკუმენტირებული ლექსიკონის შექმნა, ამ სახით მან შექმნა ლექსიკონის პირველი ვარიანტი, რისთვისაც მოიპოვა უმდიდრესი მასალა V-XI საუკუნეების ქართულ-სომხური პარალელური ტექსტებიდან.

ლექსიკონში ასახვა ვერ ჰპოვა ძველი ქართული მწერლობის ისეთმა მნიშვნელოვანმა დარგებმა, როგორიცაა ორიგინალური აგიოგრაფია, ფილოსოფიური მწერლობა, საისტორიო მწერლობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აბულაძე, ილია: ძველი ქართული ენის ლექსიკონი (მასალები). თბილისი: გამომცემლობა მეცნიერება, 1973 წელი.