ჩინური საბრძოლო ხელოვნება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჩინური საბრძოლო ხელოვნება — წარმოადგენს სოციალურ-კულტურულ ფენომენს, რომელიც წარმოიშვა ჩინური ცივილიზაციისაგან და რომელსაც სხვა კულტურაში ანალოგი არ ჰყავს.

ჩინეთისთვის, საბრძოლო ხელოვნება ყოველთვის იყო მრავალფუნქციური და მასში გაერთიანებული იყო ფილოსოფია და თავდაცვის მეთოდები. ჩინელებისთვის საბრძოლო ხელოვნება ყოველთვის წარმოადგენდა ერთდროულად სულიერ დისციპლინას, სოციალურ-კულტურული აღზრდის ხერხს და რიტუალური სპორტის სახეობას, ასევე ფსიქოფიზიკური სწავლების ხერხს და ადამიანის თვითრეალიზაციას ამ სპორტში.

ერთ-ერთი მათგანია ჩინური საბრძოლო ხელოვნება უშუ. იგი 2000 წლიანი ისტორიის მქონე ტრადიციული ჩინური ტანვარჯიშია. ამ პერიოდის ისტორიულ ქრონიკებში ჩანშუში ნათქვამია, რომ შანისა და ჭანის დინასტიების ეპოქებში უკვე იყენებდნენ საბრძოლო ილეთების მთელ რიგ კომპლექსს, რომელიც უს სახელით იყო ცნობილი. ზოგიერთი მათგანი იმეორებდა ადამიანისმაგვარი მაიმუნის, ფრინველთა, დათვის, ვეფხვისა და სხვა ცხოველთა მოძრაობებს. სამწუხაროდ, ფუნდამენტური შრომა უშუ-ს ისტორიის შესახებ უძველესი დროიდან დღემდე არ არსებობს.

საბრძოლო ხელოვნება უშუს ერთ-ერთი სკოლის კერად ხუპეის პროვინციაში, ტიანშანის მთებში, ტაოიზმის წმინდა ადგილები სახელდება. იგი ცნობილია თავისი უღრანი ტყეებითა და გამოქვაბულებით. გადმოცემით, უტანის მკვიდრმა, იმპერატორმა ჭენ უმ აქაური ტაოიზმი მიიღო, შეიცნო ჭეშმარიტი სარწმუნოება და ცად ამაღლდა. უხსოვარი დროიდან ეს ადგილი განდეგილთა თავშესაფარი იყო.

დღეისათვის უშუს ასზე მეტი სახეობა არსებობს, რომელნიც თავის მხრივ იყოფა ორ ჯგუფად: გარეგანად და შინაგანად. ამ უკანასკნელს მიეკუთვნება თაიწიცუანი, ციკუნი. არსებობს ჩრდილო შაოლინის სკოლა, სადაც უპირატესადაა განვითარებული დარტყმებისა და გდებების ილეთები და სამხრეთის შაოლინის, რომელიც გამოირჩევა ენერგიული მაბლოკირებელი მოძრაობებით. შაოლინის მონასტერში ჩამოყალიბდა და განვითარდა მხოლოდ უშუს ზოგიერთი სახეობა.

უშუს ძირითადი პრინციპები ძალზე მარტივია: იყო ჯანმრთელი, წესიერი, კეთილშობილი, დაეხმარო სუსტებს, არ ჩაიდინო ბოროტება, სწორედ ეს არის უშუს ნამდვილი ოსტატის თვისებებიც.

შუა საუკუნეების პერიოდში უშუს განვითარების აპოგეად იქცა სუნის დინასტიის ეპოქა. შეიქმნა იარაღის ათობით ახალი სახეობა, სხვადასხვა კონფიგურაციის ნაჯახი, შუბი. ასევე გაუმჯობესდა ხმლის დამზადების მეთოდები. უშუს სწრაფ განვითარებას ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ იმ პერიოდის ორი იმპერტორი ლი შიმინი და ჭაო კუანინი შესანიშნავი მებრძოლები იყვნენ და ნებისმიერ სამხედრო ხელოვნებას პატივს სცემდნენ.

დასავლეთში XX საუკუნის 60-იანი წლებიდან განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ცნობილი ოსტატისა და კონომსახიობის, ბრიუს ლის მიერ ვინჩუნის სტილის საფუძველზე შექმნილმა და მოდიფიცირებულმა კუნგ ფუმ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]