ჩვევა
ჩვევა — ვარჯიშის შედეგად გამომუშავებული მეტ-ნაკლებად ავტომატიზებული მოქმედება, რომლის შემადგენელი მოძრაობები ცნობიერების მონაწილეობის გარეშე სრულდება (მაგალითად, აზრის წერილობითი გადმოცემის შეგნებულ პროცესში ხელით ასოების ავტომატურად გამოყვანა). როგორც შეძენილი ქცევა, ჩვევაც ანტიპოდია ისეთი თანდაყოლილი ქცევებისა, როგორიცაა ინსტინქტები და უპირობო რეფლექსები. განასხვავებენ მოტორულ (ჰიგიენური, პროფესიული, სპორტული და სხვა ) და გონებრივ ჩვევებს (კითხვის, გაბმული მეტყველების პროცესში სიტყვების სათანადო ფორმების ხმარება და სხვა). ადამიანის ჩვევის გამომუშავებაში მნიშვნელოვანი ფაქტორია ვარჯიშის შეგნებული, მიზანდასახული, ნებისმიერი ხასიათი და ცოდნა ვარჯიშის შედეგების შესახებ, მაგრამ მაინც ჩვევა არ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ შეგნებულად, ცნობიერად შეძენილ მოქმედებად, რადგან გაწვრთნის შედეგად ცხოველებიც იძენენ ჩვევებს. ზოგი ჩვევა ხელს უწყობს მეორის დაუფლებას (ჩვევათა „ტრანსპოზიცია“), ზოგი კი მონაწილეობს მეორე ჩვევის დაუფლებაში, რაც აფერხებს მის შემუშავებას („ჩვევათა ინტერფერენცია“). ამის დასაძლევად საჭიროა თითოეული ჩვევის ცალ-ცალკე ავტომატიზაცია ბოლომდე. შესაძლებელია ჩვევათა დარღვევაც, რასაც იწვევს არასავსებით ავტომატიზებული ჩვევის დიდი ხნით შეწყვეტა ან ჩვევის შესრულებისას ფსიქოლოგიური ტრავმის მიღება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნათაძე, რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 115.