ჩატალ-ობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩატალ-ობის ყორღანები (რუს. Курганы Чатал-Оба) — არქეოლოგიური ობიექტი სოფელ ჩალტირის შესასვლელში[1], მიასნიკოვის რაიონი, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[2]. მკვლევრები გამოჰყოფენ ჩრდილოეთისა და სამხრეთის ყორღანებს[3].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს ყორღანები უნდა ეკუთვნოდეს შუა ბრინჯაოს ხანას. არქეოლოგიური სამუშაოები სამხრეთ ყორღანის ტერიტორიაზე[3] მიმდინარეობდა 1996 წელს ცნობილი არქეოლოგის ევგენი ბესპალის ხელმძღვანელობით[4]. ყორღანის კვლევის დროს დადასტურდა სამი ძირითადი მიწაყრილი და ათობით სამარხი. სამარხებიდან ორი ეკუთვნოდა გვიანი ბრინჯაოს ხანას, დანარჩენები კი განეკუთვნებოდა შუა ბრინჯაოს ხანას. ერთი სამარხი კი XVII-XVIII საუკუნეებს განეკუთვნებოდა[3]. სამუშაოების მიმდინარეობის დროს აღმოაჩინეს სარმატების ოქროს ნივთები[1].

2001 წლიდან დაიწყო არქეოლოგიური გათხრები ჩრდილოეთის ყორღანზე. სამუშაოებს ხელმძღვანელობდა რუსეთის ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების ექსპედიცია. აღმოაჩინეს ხუთი მიწაყრილი და 18 სამარხი, რომელთაგანაც 16 მკვლევარებმა დაათარიღეს შუა ბრინჯაოს ხანით. ასევე აღმოაჩინეს ყივჩაყთა სალოცავი ქვის საკურთხევლით, ასევა ადრესარმატული სამარხები[3].

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყორღანების თანამედროვე სიმაღლეა 4 მეტრი, სავარაუდოდ ადრე იგი უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო. არსებობს ვარაუდი, რომ ჩატალ-ობის ყორღანები იყოს საგვარეულო სამარხი. სამარხები, რომელიც აღმოჩენილია კატაკომბებში, მიეკუთვნება შუა ბრინჯაოს ხანას. რამდენიმე აქ აღმოჩენილი ნივთი გამოფენილია ტანაისის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის საგამოფენო დარბაზებში[5].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]