ჩანდ კაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჩანდ კაური
Chand Kaur.jpg
წოდებები
სიქების იმპერიის მაჰარანი და რეგენტი
დაიბადა 1802
პენჯაბი, ინდოეთი
გარდაიცვალა 11 ივნისი, 1842, (40 წლის)
ლაჰორი, პაკისტანი
საგვარეულო სიქები
მეუღლე(ები) ქარაკ სინგჰი
შვილ(ებ)ი ნაუ ნიჰალ სინგჰი
მამა სარდარ ჯაიმალ სინგჰი
რელიგია სიქიზმი

ჩანდ კაური (პენჯაბ. ਚੰਦ ਕੌਰ; დ. 1802, პენჯაბი, ინდოეთი — გ. 11 ივნისი, 1842) — სიქების იმპერიის მაჰარაჯა ქარაკ სინგჰის მეუღლე. მაჰარაჯა ნაუ ნიჰალ სინგჰის დედა და პრატაპ სინგჰის რეგენტი 1840-1841 წლებში. ინდოეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი მმართველი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩანდ კაური დაიბადა 1802 წელს პენჯაბში. იგი იყო ინდოელი დიდებულის, სარდარ ჯაიმალ სინგჰის ქალიშვილი. 1812 წელს, 10 წლის ასაკში იგი ცოლად შერთეს რაჯა ქარაკ სინგჰის, სიქების იმპერიის ტახტის მემკვიდრეს. ხანგრძლივი ქორწინებიდან ჩანდ კაურმა მხოლოდ ერთი ვაჟი, ნაუ ნიჰალ სინგჰი გააჩინა, რომელიც მხოლოდ 1821 წლის 23 თებერვალს დაიბადა. 1837 წლის მარტში იგი დააქორწინეს საჰიბ კაურზე, შამ სინგჰ ატარივალას ქალიშვილზე.

1839 წლის 27 ივნისს ჩანდის მამამთილი, რანჯიტი გარდაიცვალა, რის შემდეგაც სიქების იმპერიის მაჰარაჯა მისი ქმარი, ქარაკ სინგჰი გახდა. ახალი მაჰარაჯას მმართველობა მხოლოდ რამდენიმე თვეს გაგრძელდა, რის შემდეგაც იგი ჩანდ კაურმა და მისმა ვაჟმა ჩამოაგდეს. სიქების იმპერიის ტახტზე ნაუ ნიჰალ სინგჰი ავიდა, რომელმაც დედის გავლენით წინამორბედი მაჰარაჯა ლაჰორში გამოკეტა, შემდეგ კი დაახლოებით 1840 წელს მოწამლა კიდეც. აღსანიშნავია, რომ ისინი მას ნელ-ნელა წამლავდნენ, რაც 1840 წლის 5 ნოემბერს მისი გარდაცვალებით დასრულდა.

ნაუ ნიჰალ სინგჰი მაჰარაჯა მხოლოდ მამის გარდაცვალების შემდეგ გახდა, რის აღსაღნიშნავადაც საზეიმოდ შევიდა დედაქალაქში. 1840 წლის 6 ნოემბერს, შესვლის დროს ქალაქის გალავანი უეცრად ჩამოინგრა და პირდაპირ სამეფო ოჯახს დაეყარა, რამაც შეიწირა ნაუ ნიჰალის სიცოცხლე, მისი ვაჟი და ჩანდ კაური კი მსუბუქად დაშავდნენ. მაჰარაჯა სასწრაფოდ გადაიყვანეს სასახლეში, სადაც წყალი ითხოვა და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა კიდეც. მისი გარდაცვალება თავის არეში მიყენებულმა მძიმე დაზიანებებმა განაპირობა. მისმა გარდაცვალებამ საშინელი დარტყმა მიაყენა ჩანდ კაურს.

ქარაკ და ნაუ ნიჰალ სინგჰების უეცარმა გარდაცვალებამ ქვეყანაში მემკვიდრის კრიზისის დაწყება გამოიწვია. ამგვარ პირობებში, დიდებულებმა მხარ შერ სინგჰს, რანჯიტ სინგჰისა და მისი პირველი ცოლის საერთო ვაჟს დაუჭირეს, რომელიც ქარაკს ძმად ერგებოდა. ჩანდ კაური ამას კატეგორიულ წინააღმდეგობას უწევდა, თუმცა საბოლოოდ კომპრომისზე წავიდა და დასთანხმდა ტახტზე შერის ვაჟის, მცირეწლოვანი პრატაპ სინგჰის დასმას.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ამ დროს ნაუ ნიჰალის ქვრივი, საჰიბ კაური ორსულად იყო და ჩანდი მემკვიდრის გაჩენას ვარაუდობდა. პარალელურად, 1840 წლის 2 დეკემბერს ჩანდ კაური პრატაპ სინგჰის რეგენტად გამოცხადდა. ამ ყოველივეს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, რასაც შეთქმულებათა ახალი ქსელი მოჰყვა.

1841 წლის 13 იანვარს პრატაპი დედაქალაქში ზეიმით შევიდა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩანდ კაური რეგენტის სტატუსს ფლობდა, მაჰარაჯა მხოლოდ ნომინალურ მმართველად რჩებოდა, რასაც მისი ოპონენტების მხრიდან მასობრივი აჯანყება მოჰყვა. ამბოხებულებმა ლაჰორს ალყა 17 იანვარს შემოარტყეს, სადაც ჩანდ კაური 5,000 ჯარისკაცით, 26,000 ოფიცრით, 8,000 ცხენითა და 45 ცეცხლსასროლი იარაღით იყო გამაგრებული და დანებებას არ აპირებდა. ამის გამო, რეგენტსა და ამბოხებულებს შორის მოლაპარაკება გაიმართა, რასაც კომპრომისული შედეგი მოჰყვა. ჩანდ კაურმა დიდი პენსიის სანაცვლოდ უარი თქვა რეგენტობაზე, რასაც ამავე წლის 27 იანვარს პრატაპის სრულუფლებიან მაჰარაჯად გამოცხადება მოჰყვა.

დაქვრივებული ჩანდ კაური ლაჰორის სამეფო სასახლეში დარჩა, სადაც ყოველთვიურად, პენსიის სახით 900,000 რუპიას იღებდა. იგი სწორედ აქ, 1842 წლის 11 ივნისს გარდაიცვალა, 40 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bhagat Singh. "Chand Kaur". Encyclopaedia of Sikhism. Punjab University, Patiala.
  • "Connecting the Dots in Sikh History". Institute of Sikh Studies. Archived from the original on 5 March 2016.
  • Ahluwalia, M.L. "Kharak Singh, Maharaja (1801-1840)". Encyclopaedia of Sikhism.
  • Sardar Singh Bhatia. "Nau Nihal Singh Kanvar (1821-1840)". Encyclopaedia of Sikhism.
  • Harbans Singh Noor (February 2004). "Death of Prince Nau Nihal Singh". Sikh Spectrum. Archived from the original on 26 June 2013.
  • "Women in Power (1840-1870)". Worldwide Guide to Women in Leadership. Retrieved 6 February 2013.