შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების განვითარება იწყება IV საუკუნეში, ქართლის გაქრისტიანებასთან ერთად. ამ დროიდან დგინდება ევოლუციის სტილისტიკური საფეხურები. შუა საუკუნეების მთელი მონუმენტური არქიტექტურა ქვისაა. კედლების მოსაპირკეთებლად თლილი ქვა იხმარება, გადასახურავად – კამარები. აგურს დიდ ხანს მეორეხარისხოვანი ადგილი ეჭირა. მხოლოდ XVI-XVIII სს-ში დაიმკვიდრა მან უმთავრესი ადგილი აღმ. საქართველოში.

ადრეული ხანის ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ეკლესია აშენდა IV ს. 30-იან წლებში დღევანდელი სვეტიცხოვლის ადგილას. მატიანეთა ცნობებით, მირიანისა და მისი მემკვიდრეების დროს ეკლესიები აუგიათ ერუშეთში, მანგლისშ, ბოდბეში, წილკანში, ნეკრესში, რუსთავში, წუნდასა და თუხარისში. პირველ საეკლესიო შენობებში ჩანს ჭიდილი ადგილობრივ ტრადიციებსა (მისწრაფება ცენტრული კომპოზიციებისადმი) და გარედან შემოტანილ (სიგრძივი ღერძის მიმართულებით განვითარებული სამნავიანი ბაზილიკა, საქართველოსთვის უცხო, მაგრამ უკვე დამკვიდრებული ახლო აღმოსავლეთის პირველ ქრისტიანულ ცენტრებში) ფორმებს შორის. უძველესი ქართული ბაზილიკები (ნეკრესი; ძვ. შუამთა, V ს.) მცირე ზომისაა და მხოლოდ გარეგნულად ჰგავს ბაზილიკას. პირველი ნამდვილი ბაზილიკა, სიდიდითაც და მხატვრული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი, ბოლნისისს სიონია (478-493). ბაზილიკის მნიშვნელოვანი ნიმუშებია ანჩისხატი, ურბნისის ურიათუბნისა და სხვა ეკლესიები (VI ს.).

VI საუკუნიდან უმთავრესი მნიშვნელობა მოიპოვა ცენტრულ-გუმბათოვანმა ეკლესიებმა. ქართული ეკლესიის ბირთვს წარმოადგენს გუმბათქვეშა კვადრატი, რომლის გარშემო განლაგებული ოთხი მკლავი ქმნის ფვრის ფორმას. გარედან ჯვარი ზოგჯერ სწორკუთხედშია ჩასმული (მცხეთის ჯვრის მცირე ტაძარი, იყალთო), ზოგჯერ გამომჟღავნებულია სწორკუთხა მკლავების სახით (შიომღვიმის ძველი ეკლესია, VI ს.; სამწევრისი, VII ს.), ზოგჯერ რვაწახნაგშია ჩასმული (მანგლისის ეკლესია თავდაპირველი სახით, V ს., ურიათუბნის დავითიანი, VI ს). ამ ეკლესიებში შიგნით მხოლოდ აღმ. მკლავს აქვს ნახევარწრიული აფსიდი, სხვა მკლავები სწორკუთხაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა მოიპოვა ტეტრაკონქის (ოთხაფსიდიანი ეკლესია) თემამ: ძვ გავაზი, VI ს. (სადაც იგი უმარტივესი სახითაა წარმოდგენილი), ნინოწმინდის კათედრალი (კვრის მკლავებს შორის, დიაგონალებზე, ჩამატებულია თითო სათავსი, შენობა ბევრად ყფრო დიდია), მცხეთის ჯვარი და მისი ტიპის ძეგლები:ატენის სიონი, ძველი შუამთის დიდი ეკლესია, მარტვილის კათედრალი (ყველა VII ს.).

VII ს. 20-30-იან წლებში აშენდა ახალი ტიპის ტაძარი, წრომის წაძარი, რაც ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების შემდეგი განვითარების მომასწავლებელი იყო. ესაა წაგრძელებული ეკლესია, რომელსაც აქვს ერთადერთი (საკურთხევლის) აფსიდი და 3 სწორკუთხა მკლავი; გუმბათი ეყრდნობა 4 თავისუფლად მდგომ ბოძს (ყველა ადრინდ. ეკლესიაში გუმბათი კედლებს ეყრდნობოდა) , ეკლესიის მასები სივრცეში ჯვრის ფორმას ქმნის. პირველად აქ არის გამოყენებული ჩამოყალიბებული სახით აღმოსავლეთის ფასადის სამკუთხა ნიშები, რომლებიც უფრო გვიან ქართული გუმბათოვანი ეკლესიის აუცილებელ ატრიბუტად იქცა. წრომის ტაძარი ერთ-ერთი უადრესი დასრულებული ნიმუშია საქრისტიანო სამყაროში გავრცელებული ე. წ. „ჩახაზული ჯვრის“ ტიპის ეკლესიისა.

VI ს. დასასრული და VII ს. I ნახევარი შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების პირველი აყვავების ხანაა. ამ პერიოდის ძეგლები სრული მხატვრული სიმწიფით გამოირჩევა და იმ დროინდელი მსოფლიო ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშებს მიეკუთვნება. მკაფიოდ არის გამოკვეთილი სტილური ნიშნები – ეს მკავრი, კლასისური სტილის არქიტექტურაა, ნათელი ტექტონიკით, დინჯი, დახვეწილი პროპორციებით, გაწონასწორებული, სიმეტრიული კომპოზიციებით; ნათლად არის დასახული (იმდროინდელი ბიზანტიის ხუროთმოძრვრებისაგან განსხვავებით) ფასადის მხატვრული გააზრების ამოცანა; ფასადთა მორთულობას დაქვემდებარებული მნიშვნელობა აქვს მაგრამ (კვლავ დას. ქვეყნებისა და ბიზანტიისაგან განსხვავებით) გარკვეული ადგილი ეთმობა სკულპტურულ რელიეფებს, რომლებიც მხატვრული მახვილის როლსაც ასრულებენ.

გარდამავალი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართულ ხუროთმოძღვრებაში VII ს. II ნახ. - X ს. I ნახევარი მიჩნეულია გარდამავალ ხანად. ხუროთმოძღვრება ამ დროს ვითარდებოდა ცალკეულ ქართულ სამეფო-სამთავრეოებში – აფხაზეთში, ტაო-კლარჯეთში, კახეთში, ქართლში. დამახასიათებელია ფორმათა და თემათა სიჭრელე, შემოქმედებითი ძიება. თანდათან შემუშავდა ახალი ცხოველხატული სტილი, ჩამოყალიბდა საეკლესიო შენობების ახალი ტიპები. ამხანას მიეკუთვნება ფეოდალური სასახლეები კახეთში (ნეკრესის მონასტერში, ვაჩნაძიანსა და ვანთაში) - გრძელი ოთხკუთხა ორსართულიანი შენობები (ქვედა სართული დამხმარე სადგომებისათვის, ზედა – საცხოვრებელი და საზეიმო), რომლებშიც გამოყენებულია ოთახების ანფილადური განლაგების წესი. სამონასტრო მშენებლობა ფართოდ გაიშალა კახეთსა და განსაკუთრებით ტაო-კლარჯეთში, სადაც VII-IX სს. მიჯნიდან სამონასტრო მოძრაობას სათავეში ჩაუდგა გრიგოლ ხანძთელი. მომდევნო ხანაში აქ აიგო მრავალი მნიშვნელოვანი სამონასტრო ანსამბლი, რომლებშიც ეკლესიების გარდა საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები, სატრაპეზოები, სემინარიები და სკრიპტორიუმებიც შედიოდა (ოპიზა, ხანძთა, შატბერი, ანჩა, მიძნაძორი. შემდეგ – ოთხთა ეკლესია, პარხალი, ოშკი, ხახული, ვაჩეძორი და მრავალი სხვა). ამ დროის საეკლესიო ნაგებობათაგან უმნიშვნელოვანესია: სამშვილდის, არმაზის, წირქოლის, ყანჩაეთის ეკლესიები ქართლში; გუჯაანისა და ვაჩნაძიანის ყველაწმინდის ეკლესიები, აკურის ეკლესია კახეთში; ბიჭვინთისა და მოქვის კათედრალები აფხაზეთში; ხანძთის, ოპიზის (აღდგენილია X საუკუნეში), დოლისყანის ტაძრები, ექვსაფსიდიანი ეკლესიები ოლთისი, კიაღმის-ალთი, გოგიუბა (X ს. ტაო-კლარჯეთი) და სხვა.

ოქროს ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

X ს. ბოლო ათეული წლები - XIII-XIV სს. მიჯნა შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების მეორე აყვავების ხანაა, რომელიც უმეტესად ემთხვევა ქვეყნის გაერთიანებისათვის ბრძოლის ბოლო ეტაპებსა და გაერთიანებული სახელმწიფოს ძლიერების ხანას. წერილობითი წყაროებისა და შემორჩენილი ძეგლების მოხედვით ჩანს რომ ინტენსიური მშენებლობა გაჩაღდა ქალაქებში: გორში, თბილისში, ქუთაისში, გუდარეხში, დმანისში, სამშვილდეში; შენდებოდა ხიდები (ბესლეთისა, რკონისა და სხვა), არხები, წყალსადენები, აბანოები, ქარვასლები, საავადმყოფოები, გზები, სამეფო სასახლეები (გეგუთის სასახლე ქუთაისის მახლობლად). ფართოდ გაიშალა თავდაცვითი მშენებლობა – ციხესიმაგრეები იცავდა უმთავრეს ცენტრებს (ხერთვისი, ოძრხე, ოქროსციხე, თმოგვი, აწყური, ხორნაბუჯი და სხვა). ხუროთმოძღვრების განვითარებას ახლაც შეიძლება გავადევნოთ თვალი საეკლესიო შენობების მიხედვით. X ს. ბოლო ათეულ წლებსა და XI ს-შია აგებული საქართველოს ყველაზე დიდი საეპისკოპოსო ტაძრები, რომელთაც ზოგადეროვნული ძეგლების მნიშვნელობა ჰქონდათ. უმთავრესი ადგილი უჭირას გეგმით წაგრძელებული გუმბათოვანი ტაძრის ტიპს, რომლის მასებიც სივრცეში ჯვრის ფორმას ქმნიან. მკლავების გადაკვეთის ადგილას აღმართულია მაღალყელიანი გუმბათი, რომელიც 4 ბოძს (XI ს. შუა წლების შემდეგ 2 ბოძსა და საკურთხევლის კედელთა კუთხეებს) ეყრდნობოდა. X ს. II ნახ. და XI ს. I ნახ. გავრცელდა ტრიქონკის ტიპი (ოშკი, ალავერდი, ბაგრატის ტაძარი) შემდეგ ხანაში გაქრა. გარედან ჯვრის მკლავები ან სწორკუთხედის ფარგლებში დარჩა, ან სწორკუთხა შვერილები შექმნა. აღმოსავლეთ მხარეს გვხვდება (უდრო იშვიათად, უმეტესად დასავლეთ საქართველოში) გამოშვერილი მრავალწახნაგა აფსიდები. პროპორციები წინანდელთან შედარებით ბევრად უფრო აზიდულია, დამახასიათებელია ცხოველხატულობა, დინამიკურობა, რაც ვლინდება შენობათა მასებშიც და ფასადთა მორთულობაშიც (დეკორატიული თაღების სისტემა, მოჩუქურთმებული საპირეები, კარნიზები, ჯვრები, როზეტები; XI ს-ში – სკულპტურული დეკორიც), რომელიც ამიერიდან არსებით როლს თამაშობს. შიგნით კედლები და კამარები ერთიანად მოხატულია, ქვაზე ნაკვეთი ორნამენტაცია გვიჩვენებს ევოლუციას მსუბუქი, თითქოს გრაფიკული ჩუქურთმიდან ღრმად ნაკვეთ, პლასტიკურ ჩუქურთმამდე. ეპოქის უმთავრესი ძეგლებია: კუმურდოს, ოშკის, ხახულის, იშხნის კათედრალები – ყველა ტაოში; ქუთაისის ბაგრატის ტაძარი, ალავერდი კახეთში, მცხეთის სვეტიცხოველი; სამთავრო, სამთავისი, ქართლში; ნიკორწმინდა რაჭაში; მანგლისი ქართლში; ხცისის, სავანის ერთნავიანი ეკლესიები; გელათის მონასტერი, თიღვის, იკორთის ეკლესიები შიდა ქართლში; თამარ მეფისა და გიორგი ლაშას დროინდელი გუმბათოვანი ეკლესიები ქართლში: თბილისის ლურჯი მონასტერი, ბეთანია, ქვათახევი, ფიტარეთი, წუღრუღაშენი, ერთნავიანი ეკლესიები: მაღალაანთ ეკლესია, გუდარეხი; საფარისა და ზარზმის მონასტრების მთავარი ეკლესიები და სამრეკლოები მესხეთში, თბილისის მეტეხი და სხვა; გიორგი III-ისა და თამარის დროს შექმნილი ვარძიის კლდეში ნაკვეთი გრანდიოზული მონასტერი. მეორე აყვავების ხანაში გაიზარდა და განვითარდა დავითგარეჯის მონასტერიც. XIII-XIV სს. მიჯნის ძეგლებში შესამჩნევია ერთგვარი რეაქცია წინა ხანის ძლიერი ცხოველხატულობისადმი, ეკლექტიზმისა და ხელოსნურობის ნიშნები.

XV ს. ხუროთმოძღვრებაში ძირითადად აღადგენდნენ თემურლენგის შემოსევათა დროს დაქცეულ საცხოვრებელ, სამეურნეო შენობებსა და ეკლესიებს (სვეტიცხოვლის აღდგენა ალექსანდრე I-ის მიერ). XVI-XVIII სს-ში მშენებლობა მიმდინარეობდა უკვე ფეოდალურად დააქუცმაცებულ ქვეყანაში. ამით აიხსნება ბევრი ფეოდალური რეზიდენციისა და მათთან დაკავშირებული ეკლესიების აგება. თბილისის გარდა ინტენსიური მშენებლობა გაჩაღდა (გალავნები, სასახლეები, ქარვასლები, აბანოები) ახ. საქალაქო ცენტრებში (თელავი, გრემი), აშენებდნენ ახალ ციხესიმაგრეებს (ანანური, ქსნის ციხე, ქოლაგირის ციხე) და აახლებდნენ ძველებს. აგებდნენ ხიდებს (გატეხილი ხიდი მდ. ქციაზე), ფეოდალურ სასახლეებს (ძაღინა შიდა ქართლში, ნინოწმინდნელი მიტროპოლიტის, საბა ტუსიშვილის, სახლი და სხვა). საეკლესიო არქიტექტურაში, გარდა გუმბათოვანი ტაძრის ტრადიციული ტიპისა, სპორადულად იჩინა თავი დიდი ხნის მივიწყებულმა ტიპებმაც (მაგალითად თავისუფალი ჯვრის ტიპი). გაღრმავდა XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზე გამომჟღავნებული სტილისტიკური ნიშნები. აღმოსავლეთ საქართველოს საეკლესიო და განსაკუთრების სასახლეთა შენობებში შესამჩნევია ირანული არქიტექტურის გავლენა, რაც უმეტესად მორთულობაში გამოვლინდა. უმთავრესი ძეგლებია: ბატონის ციხე თელავში, ანანურის ანსამბლი (ციხის შიგნით XVII ს. ორი გუმბათოვანი ეკლესია) არაგვის ხეობაში, მჭადიჯვრის ეკლესია ქართლში, ახალი შუამთის, გრემის, ჭიკაანის და სხვა ეკლესიები კახეთში, ბარაკონის ეკლესია რაჭაში, თბილისის სიონი, ნინოწმინდისა და თბილისის ანჩისხატის სამრეკლოები, მრავალრიცხოვანი კოშკები, უმეტესად ქართლსა და კახეთში, ე. წ. გალავნები, რომლებშიც იხიზნებოდა კახეთის მოსახლეობა ლეკიანობის დროს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]