ღალიის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ღალიის მონასტერი, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრო.

ღალია — ძველი ქართული მონასტერი კუნძულ კვიპროსზე. კვიპროსზე მრავლად იყვნენ ქართველი მოღვაწენი. მათ კოლონია ჰქონდათ ნიქოზიაში, რამდენიმე მონასტერი — ალამინის რაიონში. ერთ-ერთი სავალე იყო ჟალია (ღალია), რომელიც მემატიანის ცნობით, აღაშენა და შეამკო ყოვლითა წესითა თამარ მეფემ (XII-XIII საუკუნეები). ჟალიაში ქართული მწიგნობრული კერის არსებობა დადასტურებულია სანქტ-პეტერბურგში დაცულ ძველ ქართულ ხელნაწერის ანდერძში (H-№ 18). მოგვიანებით ქართველ მოგზაურებმა ტიმოთე გაბაშვილმა (1758) და იონა გედევანიშვილმა (1784) კვიპროსზე ქართველთა ნაკვალევი ვეღარ ნახეს, მდოლოდ ბოლო ხანს ქართული სიძველეთა ნაშთი აღმოჩნდა კვიპროსის ბერძენთა სავანეში — კიკოს მონასტერში.

ღალიის მონასტერი მდებარეობს კვიპროსის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, პაფოსის პროვინციის პატარა ისტორიული ქალაქის პოლის ქრისოქოსის მახლობლად ტყეში, სანაპიროდან დაახლოებით ხუთ კილომეტრის დაშორებით.

მონასტრის ნანგრევები 1981 წელს აღმოაჩინა ამერიკაში ემიგრირებულმა ქართველმა მეცნიერმა ვახტანგ ჯობაძემ რომელიც მე-12 საუკუნის ქართულ ცნობებს ეყრდნობოდა. სისტემატიური არქეოლოგიური გათხრები მხოლოდ 2006 წელს დაიწყო მას შემდეგ რაც საქართველოს და კვიპროსის წარმომადგენლებმა მიაღწიეს შეთანხმებას ერთობლივი კვლევა-ძიების ჩატარების თაობაზე.

გათხრებმა გამოავლინა ქალწულ მარიამის ეკლესია, რომელიც არაუგვიანეს 1000 წლით თარითღება. უფრო გვიანდელი, წმ. გიორგის ტაძარი, მე-12 საუკუნეს უნდა განეკუთვნებოდეს. მონასტერი საფუძვლიანად შეაკეთებინა თამარ მეფემ. მას შემდეგ იგი კიდევ ერთხელ განახლებულა მე-13-14 საუკუნეების მიჯნაზე. საქართველოსა და კვიპროსზე გართულებულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ აიძულა ქართველი ბერები მონასტერი მიეტოვებინათ. მე-16 საუკუნეში კი ღალია გაიძარცვა და ნანგრევებად იქცა.

აღმოჩენილია მე-13-14 საუკუნეების ქართული ფრესკები და წარწერები, საყოფაცხოვრებო და რელიგიური დანიშნულების სხვადასხვა ნივთი.

დამატებითი რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მენაბდე ლ., ქსე, ტ. 8, გვ. 239, თბ., 1984