ქურთის სამების წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქურთის სამების წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, მდებარეობს ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქურთაში. აგებულია XIX საუკუნეში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აწ განსვენებული ადგილობრივი მცხოვრების, ყარამან ბასიშვილის გადმოცემით მას ჭაბუკობაში უმუშავია ეკლესიის მშენებლობაზე, რომლის მშენებელიც იყო ბერძენი ხელოსანი. ვინაიდან ყ. ბასიშვილი ას წელს მიტანებული გარდაიცვალა 70-იანი წლების ბოლოს, გამოდის, რომ ს. ქურთის ეკლესია აუშენებიათ XIX საუკუნის ბოლო წლებში.

ეკლესია დაშენებულია ძველ ნაეკლესიარზე, რომლის საძირკვლის ფრაგმენტები ჯერ კიდევ შეინიშნება და მათი მიხედვით, საკმაოდ დიდი ზომის ეკლესია უნდა ყოფილიყო. შესაძლებელია ეკლესიის გაორმაგებული სახელი - "სამების წმ. გიორგი" ამ გარემოებამაც განაპირობა.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„სამების წმინდა გიორგის“ დარბაზული ეკლესია ნაგებია შერეული მასალით - რიყის ქვით, ფლეთილი ქვით და ქართული აგურით. აქვს ჩატანებული ძველი ეკლესიიდან გადარჩენილი შირიმის თლილი კვადრებიც. ეკლესია შელესილი და შეთე-თრებულია.

ინტერიერში აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდაა ცენტრში განიერი, თაღოვანი სარკმლით. აბსიდის ჩრდილოეთ ნაწილში ღრმა, განიერი, თაღოვანი ნიშაა (155×78 სმ), სამხრეთით — მაღალი, იგივე ფორმის დიდი ნიში (290×100 სმ.). აბსიდის კუთხეების ზედა ნაწილში ჩატანებულია სააკუსტიკო ხვრელები. აბსიდის ცენტრში ტრაპეზის მასიური ქვაა. იატაკი ქართული აგურისაა და ერთი საფეხურით მაღალია დარბაზის ფიცრულ იატაკზე. აბსიდის იატაკს გააჩნია ნახევარწრიული სოლეა. მის წინ რუსული იკონოსტასის ჩარჩოა. აბსიდის კონქი და დარბაზის კამარა ფიცრულია და შელესილი. კამარის ცენტრში ასევე ფიცრული თაღია. გრძივი კედლების ცენტრებში ქართული აგურით ამოყვანილი განიერი პილასტრებია. აღმოსავლეთით — განიერი, თაღოვანი სარკმლები. ასეთივე სარკმელია დასავლეთი კედლის ზედა, ცენტრალურ ნაწილში. სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში თაღოვანი შესასვლელია, ინტერიერის კედლებიდან ჩამოცვენილი ბათქაშის ქვეშ ჩანს კედლის წყობა — აგური და რიყის ქვა.

ეკლესია გადახურულია თანამედროვე თუნუქის სახურავით. ეკლესიაში დასაფლავებულია ზაალ მაჩაბელი.

ამჟამინდელი ეკლესია დაშენებულია ძველ ნაეკლესიარზე, რომლის საძირკვლის ფრაგმენტები ჯერ კიდევ შეინიშნება, რის მიხედვითაც იგი საკმაოდ დიდი ზომის უნდა ყოფილიყო. შესაძლებელია ეკლესიის გაორმაგებული სახელი — „სამების წმინდა გიორგი“ ამ გარემოებამაც განაპირობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 199-200