ქვემო მაჭიხეთის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქვემო მაჭიხეთის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ახალციხის და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში. მუსხი-ჭობარეთი-ზველის გზის მე-2-ე კილომეტრზე, გზიდან რამდენიმე მეტრით დაბლა, მარჯვენა მხარეს.

დარბაზული ეკლესია და სამხრეთის ეგვტერი ერთდროულადაა ნაგები. შესასვლელი სამხრეთიდანაა, ეგვტრის გავლით დარბაზულ ეკლესიაშია შესასვლელი. ღიობი ეგვტრის მხარეს გადახურულია არქიტრავით, შიდა მხრიდან ნალისებური მოხაზულობის თაღით სრულდება. დარბაზი სადაა, აღმოსავლეთიდან აფსიდით,იგი გადახურული იყო ცილინდრული კამარით. ტაძარი სამი სარკმლით ნათდებოდა: აღმოსავლეთიდან საკურთხევლის სარკმლით, დასავლეთიდან ერთი სარკმლით და ჩრდილოეთიდან გაჭრილი მრგვალი სარკმლით. აფსიდის მხრები ამოყვანილია კარგად გათლილი ბაზალტის ქვით. კაპიტელები სადაა — ადრეული ხანისთვის დამახასიათებელი კონფიგურაციის, შედარებით დიდი ქვედა ნაწილი ოდნავ განიერდება და მას ასრულებს დაბალი, მოხდენილი ერთსაფეხურიანი თარო. კონქი ამოყვანილია კარგად გათლილი ქვით. სატრიუმფო თაღი ჩამოშლილია.

ეგვტერი საკმაოდ ვიწროა. აღმოსავლეთით დასრულებულია აფსიდით, ისიც თლილი ქვით ამოყვანილი ცილინდრული კამარით იყო გადახურული, რომლის ქუსლი კედელს თითქმის მთელ სიგრძეზე მიჰყვება. ტაძრის ფასადებზე მსჯელობა ძნელია. ჩრდილოეთის ფასადი გზის გაყვანის შემდეგ მთლიანად მიწის ქვეშ მოექცა. აღმოსავლეთის ფასადის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოშლილია. სამხრეთის ფასადი ეგვტრის კარის გადახურვის სიმაღლეზეა გადარჩენილი, აქ ქვის წყობის მხოლოდ ოთხი რიგია. შედარებით უკეთ დასავლეთის ფასადია, თაღოვანი სარკმლის სწორკუთხა ქვაში გამოკვეთილი თავსართით. დაბალი კვეთით თაღზე შემოვლებულია არშია, ცენტრში აღმართულია ჯვარი, ხოლო მის გვერდებზე, ფილის კიდეებში, მცენარეული დეკორია. დღეს ტაძარი ნაწილობრივ გაწმენდილია დასავლეთის ფასადი ერთსაფეხურიან ცოკოლზეა აღმართული და წითელი ქვა წყობის მეოთხე რიგში ადამიანის თვალის სიმაღლეზეა ამოკვეთილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბოჭორიძე გ., მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში, თბ., 1992, გვ. 103-104
  • ახალციხის და ტაო-კლარჯეთის ეპარქია, თბ., 2013, გვ. 582-588