ქემერტის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქემერტის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, მდებარეობს ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქემერტში, ოთინაანთ უბანში, სასაფლაოზე. აგებულია IX-X საუკუნეებში.

ძეგლი მდებარეობს ოთიაანთ უბანში, სასაფლაოზე. ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის უხეშად თლილი ქვებით, რომელიც შემდეგ შელესილ-შეთეთრებულია.

დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით. აბსიდის ცენტრში გაჭრილია მაღალი, თაღოვანი სარკმელი, რომლის ქვეშ ტრაპეზის ქვაა. ჩრდილოეთით თაღოვანი, ხოლო სამხრეთით - სწორკუთხა ნიშებია. კონქი ნახევარსფერულია. სატრიუმფო თაღი პილასტრებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ ერთსაფეხურიანი სოლეაა.

ეკლესიის კამარა ნახევარცილინდრულია. კამარის საბრჯენი ორსაფეხურიანი თაღი, პილასტრების ეყრდნობა.

ინტერიერი მთლიანად შეთეთრებულია კირით. დარბაზი ნათდება აღმოსავლეთის, სამხრეთის ორი და დასავლეთის ერთი თაღოვანი სარკმლებით. იატაკი ხისაა.

თაღოვანი შესასვლელები დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. ორივე შესასვლელის თაღი ნაოთხალია. თაღებში ტიმპანის ქვებია. დასავლეთის კარი ამოშენებულია.

სამხრეთ შესასვლელის მარცხენა მაღალ კუთხეში, კედლის თაღოვან შეღრმავებაში მოთავსებულია ქვის კანკელის ფრაგმენტები. ქვები მოგვიანებით არის ჩადგმული. აქ გამოსახულია აყვავებული ჯვარი, გარშემოვლებული რვიანისებური წნულით. ჯვრის ოთხივე მკლავის კუთხეებში გეომეტრიული წნულისაგან შექმნილი მარყუჟებია. სამხრეთის ორივე სარკმელს მოჩუქურთმებული წარბები აქვს. სარკმლებს შორის ქვის ფილაზე ტოლმკლავა ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში ჩასმულ ქვის ფილაზე რელიეფური სიუჟეტის ფრაგმენტია — წმინდანის გამოსახულებით.

დასავლეთი ფასადის ცენტრში ერთ ღერძზეა შესასვლელი და ვიწრო თაღოვანი სარკმელი მოჩუქურთმებული წარბით. მათ შორის ქვის ფილაზე აყვავებული ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. დასავლეთი ფასადის კეხზე გვიან დაშენებული სამრეკლოა. სამრეკლო ღია თაღოვანია.

ჩრდილოეთი ფასადი გლუვია. ეკლესიას გარს უვლის „კბილანა“ ლავგარდანი. საბურავად გამოყენებულია თუნუქი.

ეკლესიას სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან მინაშენები ჰქონდა. შემორჩენილია მინაშენების ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეების მცირე ნაწილები.

ეკლესიის გარშემო გალავნის ფრაგმენტებია. ეკლესიას ეტყობა გვიანდელი შეკეთების კვალი. ფასადებზე ნალესობა ჩამოცვენილია. კამარა და კონქი დაბზარულია. იატაკი დაზიანებულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Меписашвили Р., Цинцадзе В., "Памятники V-XIвв . В кн.:"Архитектура нагорной части исторической провинции Грузии - Шида-Картли", Тб., 1975, стр. 44.
  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 183-185