ქემერტის გერის ძმის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქემერტის გერის ძმის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, მდებარეობს ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქემერტში, მინდიაანთ უბანში, სასაფლაოზე. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

სოფლის სასაფლაოზე, მინდიაანთ უბანში მდებარე ეკლესია გეგმით კვადრატს უახლოვდება, აღმოსავლეთით გაშლილი ნახევარწრიული ფორმის აბსიდში მაღალი თაღოვანი სარკმელია, ხოლო ჩრდილოეთით თაღოვანი ნიშაა. საკურთხევლის ცენტრში შემორჩენილია ტრაპეზის ქვედა ქვები. აბსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია შვერილებით.

გრძივ კედლებს ყოფს წყვილი პილასტრი. ინტერიერი შებათქაშებულ-შეთეთრებული იყო. იქ, სადაც ბათქაში ჩამოცვენილია, ჩანს ქართული აგურის წყობა. და-რბაზი ნათდებოდა აღმოსავლეთის, დასავლეთის და სამხრეთის სარკმლებით.

თაღოვანი შესასვლელი სამხრეთიდანაა დატანებული. აღმოსავლეთ ფასადზე ჩაძირული ჯვარი პირდაპირ სარკმელს ებჯინება. დასავლეთი ფასადის ზედა ნაწილში აგურის წყობით შესრულებული გოლგოთის ჯვარია. ადგილობრივ მოსახლეობას ეკლესია ყავრით გადაუხურავს. სამშენებლო მასალად გამოყენებულია რიყის ქვა. კამარა და კონქი ჩამოქცეულია. ოთხივე კედელი გარღვეულია. სარკმლები და კარი დაზიანებულია. იატაკი აყრილია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 178-179